პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ არ არის პრობლემა, “ჰამოვიდეს”, მას “რეფორმირებული მართლმსაჯულება” ელოდება.
„მგონი, ერთი და იგივე სერიას ვუყურებთ, როდესაც ყოველი არჩევნების წინ სააკაშვილი გამოდის და თავის შემცირებულ მხარდამჭერებს ეუბნება, რომ ის დაბრუნდება. ჰამოვიდეს, არ არის პრობლემა. პირველ რიგში, მას ელოდება რეფორმირებული მართლმსაჯულება და შემდეგ უკვე პოლიტიკური პროცესი. მინდა გითხრათ, რომ როგორც ჩანს, ძალიან ბევრი მისი თანამებრძოლი მასზე ძალიან გაბრაზებულია, თუმცა, თუ ის მაინც შეძლებს და მოძებნის ძალას იმისთვის, რომ ქვეყანაში დაბრუნდეს, აქ დახვდება თვისობრივად განსხვავებული სახელმწიფო, მან დატოვა ადამიანის უფლებების დარღვევა, დღეს ქვეყანაში ადამიანის უფლებები დაცულია”,– თქვა თალაკვაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან უბედურად გრძნობს თავს უკრაინაში და საქართველოში დაბრუნება ამიტომ სურს.
“მან დატოვა მონოპოლიზებული მედია, დღეს ქვეყანაში მრავალფეროვანი და კრიტიკული მედიაა. მან დატოვა დამახინჯებული კონსტიტუცია, დღეს ქვეყანას ევროპული ტიპის კონსტიტუცია აქვს. მრავალი სხვა პროგრესული ცვლილება არის ქვეყანაში. ასე რომ, ეს არის ჩვენი თანამოქალაქეების ქვეყანა, ჩვენ ყველა მის განვითარებაზე ვზრუნავთ. სამწუხაროდ, სააკაშვილი არ არის ჩვენი ქვეყნის თანამოქალაქე. ეს არის ადამიანი, რომელმაც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა თავის ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე გაცვალა. როგორც ჩანს, ძალიან უბედურად გრძნობს თავს უკრაინაში და საქართველოში დაბრუნება სურს. ჰამოვიდეს, ვერაფერს ვიზამთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა. სააკაშვილი ქართველ ხალხს ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ საქართველოში ბრუნდება.
მის განცხადებას გამოეხმაურა ქართული ოცნება. მმართველმა პარტიამ ფეისბზე სააკაშვილის ვიდეო შემდეგი აღწერით გააზიარა: “miha hamodiii”.