1 ხიდი ვერ აუშენებიათ მტკვარზე, კუნძულის აშენების ან თავი სად აქვთ, ან ფული – გოცირიძე

ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე ეხმიანება აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ბათუმში, ზღვაში პალმის ფორმის ხელოვნური კუნძულის აშენება იგეგმება.

გოცირიძის თქმით, ასეთი კუნძულის აშენებაზე საუბარი არასერიოზულია, რადგან ის მილიარდობით ლარი დაჯდება.

“სრულიად დაკარგეს სინდის-ნამუსი. აბუჩად იგდებენ და დასცინიან ამომრჩევლებს. ერთი ხიდი ვერ აუშენებიათ მტკვარზე, მიუხედავად არაერთი დაპირებისა ამ ცხრა წლის განმავლობაში და ბათუმში, ზღვაში კუნძულის აშენების ან თავი სადა აქვთ ან ფული. რასაც ამ ნახატზე ვხედავთ, მილიარდობით ლარი (საგარეო სესხი) დაჯდება. თუმცა, რაიმე ფინანსურ გათვლებზე ან პროექტის ტექნიკურ დეტალებზე საუბარი იმდენად არასერიოზულია და აბსურდული, რომ ამაზე მეტს არ გავაგრძელებ”,- წერს გოცირიძე.

აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი ავრცელებს ფოტოებსაც, რომელიც, მისი თქმით, ხელოვნური კუნძულის პირველადი ვერსიაა.

რიჟვაძე ირწმუნება, რომ საინვესტიციო ჯგუფთან შეთანხმება უკვე მიღწეულია და ამ ეტაპზე შესაბამისი კვლევები მიმდინარეობს.