11 წლის წინანდელი ფილმი,რომელიც დღევანდელ ეპიდემიას ზუსტად ასახავს. ნახეთ, რამდენი დამთხვევაა სიუჟეტში

2011 წელს ფილმ  “ინფიცირების“ ეკრანებზე გამოსვლა დიდი კინომოვლენა ვერ აღმოჩნდა. მიუხედავად ვარსკვლავური სამსახიობო შემადგენლობისა (მეთ დეიმონი, ჯუდ ლოუ, გვინეტ პელტროუ, ქეით უინსლეტი, მაიკლ დუგლასი) ფილმმა იმ წელს შემოსავლების მხრივ მხოლოდ 61–ე ადგილი დაიკავა.

თუმცა უკვე დღეს ეს ფილმი აშშ–ში iTunes Store-დან ყველაზე ჩამოტვირთვად ფილმად იქცა, Google–ის საძიებო სისტემაში კი ფილმის სათაურმა ძებნის ყველა რეკორდი მოხსნა.

თუ დეკემბერში , როცა პირველად გავიგეთ ჩინეთში ახალი კორონავირუსის გამოჩენის შესახებ სტუდია Warner Bros.–ის მონაცემებით ფილმს მხოლდ 270–ე ადგილი ეკავა პოპულარობის მათ კატალოგში, უკვე სამ თვეში “ინფიცირება“ მხოლოდ ჰარი პოტერზე ფილმების სერიას ჩამორჩება.

ეს კი იმის გამო მოხდა, რომ კორონავირუსის წყალობით ათი წლის წინანდელი ფილმი საოცრად გავს დღეს, რეალურ ცხოვრებაში განვითარებულ მოვლენებს.


რეალობა, რომელიც კინოსიუჟეტს იმეორებს

ფილმის გმირი ქალი, რომელსაც გვინეტ პელტროუ თამაშობს ამოუცნობი მომაკვდინებელი ვირუსით იღუპება, რომელიც ჩინეთში გადაედო. მთელ მსოფლიოს პანიკა მოიცავს.

ჩინეთთან კავშირი მხოლოდ ერთ–ერთია მრავალი პარალელიდან, რომელიც ფილმსა და რეალობას შორის არსებობს. სწორედ ამიტომ, მაყურებელი ბოლო დროს უდიდესი ინტერესით ნახულობს ამ ფილმს.

ფილმის მიმართ ინტერესი თავად გვინეტ პელტროუმ გააღვივა, რომელმაც 26 თებერვალს ინსტარგრამზე გამოაქვეყნა ნიღაბში გადაღებული ფოტო ტრანსატლანტიკური ფრენისას.

“ეს კინო უკვე ნანახი მაქვს, ასე რომ შეინარჩუნეთ სიმშვიდე, თავი შეიკავეთ ხელის ჩამორთმევისას და ხშირად დაიბანეთ ხელები“ – დაწერა მსახიობმა.

და მართლაც, რეალობასთან ამ ფილმის პარალელები შთამბეჭდავია: გვინეტ პელტროუს გმირს ვირუსი MEV-1 ჰონკონგში შეფ მზარეულისთვის ხელის ჩამორთმევით გადაედება, რომელმაც ღორის ხორცის კერძი მოამზადა, ავბედითი ღორი კი ღამურით იყო დაინფიცირებული.
ქალი აშშ–ში, სახლში ბრუნდება, ავადდება და მალე კვდება. კვდება მისი შვილიც, თუმცა ქმარი, რომლის როლს მეტ დეიმონი თამაშობს ინფექციას გადაურჩება.

რეალობაშიც ექსპერტების აზრით უხანში ინფიცირება დეკემბერში მას შემდეგ დაიწყო, რაც ვირუსმა სახეობათა შორის ბარიერი გადალახა და ცხოველიდან ადამიანს გადაეცა. დიდია ალბათობა, რომ ისევე, როგორც SARS 2002-2003 წლების ეპიდემიის დროს, ვირუსის პირველწყარო ღამურა იყო, შემდეგ კი სხვა შუამავალი ცხოველების საშუალებით ადამიანს გადაეცა.

ფილმში ასეთი ცხოველი ღორია, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ეპიდემიას უხანში ფრინველის ბაზრობას უკავშირებენ.
ისევე როგორც კორონავირუს Covid-19–ის შტამი, ფილმში გამოგონილი ვირუსიც ადამიანთა ახლო კონტაქტით და დაინფიცირებულ ზედაპირებთან შეხებით ვრცელდება. რეალური და “კინოვირუსიც“ სასუნთქ გზებს აზიანებს.

თუმცა დღევანდელი ეპიდემია ბევრად ნაკლებად მომაკვდინებელია, ვიდრე ეკრანული. ფილმში გმირები ხშირად ახსენებენ სიკვდილიანობის მაჩვენებელს – 25%–ს. იმ დროს, როცა Covid-19 –ით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით 3.4 პროცენტის ფარგლებში მერყეობს.

ფილმში MEV-1 ერთ თვეში 26 მილიონ ადამიანს შეიწირავს მთელ მსოფლიოში. კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობა კი საბედნიეროდ ჯერჯერობით 5800 ადამიანია.

როცა ფილმში ვირუსის აფეთქება ხდება, სანიტარულ– ეპიდემიოლოგიური დაზვერვის სამსახურის თანამშრომლები იღებენ დავალებას გამოავლინონ და იზოლაციაში მოაქციონ ინფიცირებულები. მთელი ჩიკაგო კარანტინის ზონად იქცევა, რაც ძალიან გავს მოვლენების რეალურ განვითარებას ჩინეთში, სადაც მთელი ქალაქები კარანტინის გამო დაიკეტა. ამავე გზით წავიდა კორონავირუსთან საბრძოლველად იტალია.

ფილმის მიმართ ინტერესის აფეთქებამ გააკვირვა ფილმის სცენარის ავტორი სკოტ ბერნსი. ჟურნალისტებთან საუბრისას მან დაადასტურა, რომ ფილმის შემქმნელებს ამოცანა ჰქონდათ ეჩვენებინათ, რამდენად მოუმზადებელია თანამედროვე საზოგადოება ასეთი ტიპის ეპიდემიებისთვის.


ის ამბობს, რომ ფილმსა და კორონავირუსს შორის მსგავსება უმნიშვნელო, შემთხვევითი და არც ისე მნიშვნელოვანია. უფრო მნიშვნელოვანი და ზუსტი აღმოჩნდა საზოგადოებრივი რეაქცია, შიშის გავრცელება და დომინოს ეფექტი.

როგორც ჩანს, ბერნსს მხედველობაში ჰქონდა ფილმის ერთ–ერთი გმირი, ბლოგერი ალან კრუმვიედი, რომელიც კონსპიროლოგიური თეორიებით არის დაკავებული. ჯუდ ლოუს გმირი ავრცელებს დაუსაბუთებელ თეორიებს ვირუსის შესახებ და რეკლამას უკეთებს მკურნალობის მეთოდს, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს.

რეალობაში კი საცალო გაყიდვების გიგანტმა ამაზონმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ დაბლოკა მილიონოზე მეტი გარიგება, რადგან გამყიდველები დაუსაბუთებლად ამტკიცებდნენ, რომ მათ პროდუქტს კორონავირუსისგან დაცვა და მკურნალობა შეეძლო.

ფილმის მიმართ ინტერესი შეიძლება იმითაც აიხსნას, რომ სცენარისტი შეეცადა ფილმისთვის მაქსიმალურად მიეცა სამეცნიერო დამაჯერებლობა. სცენარზე მუშაობისას ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წამყვან ვირუსოლოგებთან, ექსპერტებთან და ეპიდემიოლოგებთან გადიოდა კონსულტაციას.