ოკუპირებული ხერსონის ადმინისტრაციის შენობა დაიბომბა

რუსული მედია ოკუპირებული ხერსონის ადმინისტრაციის შენობის დაბომბვის შესახებ იუწყება, უკრაინული წყაროები კი იტყობინებიან, რომ მოხდა არა ადმინისტრაციის, არამედ სასამართლოს შენობის დაბომბვა, რომელიც იქვე ახლოს მდებარეობს.

რია ნოვოსტის ინფორმაციით, ადმინისტრაციის შენობასთან მინიმუმ ხუთი რაკეტა ჩამოვარდა. გამოცემა ასევე აქვეყნებს აფეთქების ვიდეოს, რომელზეც ჩანს შენობის უკან ამომავალი ბოლი.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ  ოკუპანტების შტაბად ქცეული ეს შენობა განადგურდა, დაიხოცნენ ოკუპანტები და კოლაბორაციონისტები, რომლებიც იქ თათბირს ატარებდნენ.

ხერსონის საოკუპაციო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, კირილ სტრემოუსოვი აცხადებს, რომ სარაკეტო დარტყმა მის კაბინეტსაც შეეხო.

“ჩემს კაბინეტში ხუთი HIMARS მოფრინდა. არის დაღუპული სამოქალაქო პირი. მეტს ჯერ ვერაფერს ვიტყვი“– ციტირებს მის სიტყვებს ინტერფაქსი.

ამავე დროს, ოდესის საოლქო ადმინისტრაციის სპიკერი, სერგეი ბრატჩუკი ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ საქმე ეხება სააპელაციო სასამართლოს შენობას. მისი თქმით, ინფორმაცია ზუსტდება.

დილით უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა გაფრთხილება შესაძლო ტერაქტის შესახებ “ყალბი დროშით“, რომელსაც რუსეთი ამზადებს.

“მტერი შეეცდება ჩვენი ქვედანაყოფების დისკრედიტაციას უღირსი საქციელების ინსცენირებით და პროვოკაციებით“ – ამბობს უკრაინის სამხრეთის ოპერატიული მეთურობის წარმომადგენელი.

ამის გამო, უკრაინელი სამხედროები ურჩევენ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას 17–20 სექტემბრის პერიოდში მოერიდონ  საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს.

ხერსონის ოლქი რუსებმა უკრაინაში შეჭრის პირველ დღეებშივე აიღეს.