სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, მას საქართველოს მხრიდან არ მიუღია მოწოდება, რომ მათზე ევროპარლამენტში სიტყვის გამოსვლისას ესაუბრა.
“საქართველოს მხრიდან თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა, თუმცა მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს საერთო დღის წესრიგები, რომლებზეც ერთად ვმუშაობთ. მე ჩემი შეშფოთება გამოვხატე ევროპარლამენტის ტრიბუნიდან, რადგან მართლაც გვაშფოთებს ის ვითარება, რომელიც არსებობს ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში, ეს გვაწუხებს,” – განაცხადა მან მედიასთან.
გუშინ სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა, სადაც თქვა, რომ სომხეთისთვის ევროინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, საქართველოს და ევროკავშირს შორის “გაყინული” პოლიტიკური დიალოგია.
„საქართველო ჩვენთვის ევროკავშირისკენ მიმავალი გზაა და ჩვენ მივიღეთ კანონი სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ მას შემდეგ, რაც საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ამან სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ხელშესახები გახადა და ჩვენი მოლოდინი და თხოვნაა, რომ ევროკავშირი-საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს. ეს ისეთივე მნიშვნელოვანია სომხეთისთვის, როგორც საქართველოსთვის“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.















