“ანგარიში ვერ პასუხობს ობიექტურობის მინიმალურ სტანდარტებსაც კი და შესაბამისად, ის საქართველოში განვითარებული მოვლენების ობიექტურ ანალიზს ვერ ასახავს.” ასე აფასებს, “ქართული ოცნების” პრემიერი, ირაკლი კობახიძე “მოსკოვის მექანიზმის” ანგარიშს და აცხადებს, რომ ანგარიში შედგენილია მანკიერი, ვიწროპოლიტიკური ინტერესის კარნახით საქართველოს წინააღმდეგ. მისი თქმით დოკუმენტი მოკლებულია სიღრმისეულობას და არ ასახავს საქართველოში მიმდინარე ობიექტური რეალობის ანალიზს.
“რაც შეეხება ანგარიშში განხილულ კონკრეტულ საკითხებს: პირველი – არჩევნები. საქართველოში შემდგარი არჩევნების მიმოხილვისას ანგარიშის ავტორს რატომღაც დაავიწყდა იმის აღნიშვნა, რომ გამოვლენილი კონკრეტული ხარვეზების მიუხედავად, ეუთო/ოდირის მისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს კონკურენტული, ხოლო “ქართულ ოცნებას” არჩეული ხელისუფლება უწოდა, რის გამოც ადგილობრივი რადიკალური ოპოზიცია ეუთო/ოდირს არაერთგზის უხეშად დაესხა თავს.
გარდა ამისა, ანგარიშის ავტორს დაავიწყდა იმის აღნიშვნაც, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ უკვე ზედიზედ მეორედ თქვა უარი საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე, რითაც სცადა ძირი გამოეთხარა საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და დემოკრატიული სისტემისთვის. ანგარიშში ვერ ამოიკითხავთ ვერცერთ უარყოფით შეფასებას ოპოზიციის ამ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო.
ანგარიშის ავტორს გამორჩა იმის აღნიშვნაც, რომ ბოლო საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნები ჩატარდა ახალი კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც სამუშაო ჯგუფებში მრავალთვიანი სამუშაო პროცესის შედეგად ოპოზიციასთან შეჯერდა და რომელიც არჩევნების გაყალბებას სრულიად შეუძლებელს ხდის, რაზეც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წაგებამდე რადიკალური ოპოზიციაც ღიად საუბრობდა. მთლიანობაში, 2024 და 2025 წლის არჩევნების დემოკრატიულობის ეჭვქვეშ დაყენება ვერც მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის ავტორმა შეძლო.
აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ ანგარიში ვერ პასუხობს ობიექტურობის მინიმალურ სტანდარტებსაც კი და შესაბამისად, ის საქართველოში განვითარებული მოვლენების ობიექტურ ანალიზს ვერ ასახავს. ავტორი თავადვე აღნიშნავს, რომ დროის სიმწირის გამო, დოკუმენტი მოკლებულია სიღრმისეულობას. ეს არის ანგარიშის, ალბათ, ერთადერთი ზოგადი დასკვნა, რომელსაც სრულად შეგვიძლია დავეთანხმოთ. სამწუხაროდ, ანგარიშის ავტორმა ისიც კი ვერ გაარკვია, ჩვენს ქვეყანას “საქართველოს რესპუბლიკა” ეწოდება თუ საქართველო” – თქვა კობახიძემ















