ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც აშშ-მ და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ომი დაიწყეს. ირანმა საპასუხოდ ისრაელის ქალაქები დაბომბა, დარტყმები მიიტანა ამერიკულ სამხედრო ბაზებზე და აშშ-ის მოკავშირე არაბულ ქვეყნებში მდებარე საკვანძო საწარმოებსა და ობიექტებზე. შემდეგ თეირანმა ჰორმუზის სრუტე გადაკეტა — სპარსეთის ყურის ვიწრო მონაკვეთი, რითაც დაბლოკა მსოფლიო ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი პროდუქტების — ნავთობის, გაზისა და ქიმიკატების — საზღვაო მიწოდება.
ამ ორი თვის განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და მისი ადმინისტრაციის წევრებმა არაერთი განცხადება გააკეთეს ამ ომის მიზნების შესახებ. ისინი ხან სამხედრო ოპერაციის სწრაფ დასრულებას ჰპირდებოდნენ საზოგადოებას, ხან მას პრაქტიკულად დასრულებულად აცხადებდნენ, ხან ირანს საშინელი შედეგებით ემუქრებოდნენ, ხან კი გარდაუვალ „გარიგებაზე“ საუბრობდნენ. ირანი ამ განცხადებებს კატეგორიული მოთხოვნებით პასუხობს, ხოლო კონფლიქტის გადაწყვეტის პერსპექტივა კვლავ ბუნდოვანია. გავიხსენოთ აშშ-ისა და ისრაელის ირანთან ომის მთავარი მომენტები.
ოპერაცია „ეპიკური მრისხანება“ შაბათს, 28 თებერვალს, ამერიკული და ისრაელის ავიაციის მიერ სახელმწიფო დაწესებულებებზე, სამხედრო ობიექტებსა და თავშესაფრებზე განხორციელებული დარტყმების სერიით დაიწყო. პირველი დარტყმების შესახებ ცნობების გავრცელებიდან მალევე დონალდ ტრამპმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადეს, რომ მათი მთავარი მიზანი ირანისგან მომდინარე ბირთვული საფრთხის აღმოფხვრა იყო. ომის პირველივე დღეს მოკლეს ირანის სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, ასევე ირანის რამდენიმე მაღალი რანგის სამხედრო და სპეცსამსახურების ხელმძღვანელი.
დარტყმების დაწყებამდე ორი კვირით ადრე ტრამპმა განაცხადა, რომ რეჟიმის შეცვლა ირანისთვის „საუკეთესო რამ იქნებოდა“. ხოლო აიათოლა ხამენეის, „ისტორიის ერთ-ერთი მთავარი ბოროტმოქმედის“, დაღუპვის გამოცხადებისას ტრამპმა დაწერა, რომ ეს „ირანელი ხალხისთვის უდიდესი შანსია, დაიბრუნოს თავისი ქვეყანა“. მან ასევე დაამატა, რომ „მასშტაბური და ზუსტი დაბომბვები გაგრძელდება უწყვეტად მთელი კვირის განმავლობაში ან იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება ჩვენი მიზნის მისაღწევად — მშვიდობისთვის მთელ ახლო აღმოსავლეთში და, საბოლოოდ, მთელ მსოფლიოში“.
ირანმა დაუყოვნებლივ პირობა დადო, რომ აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებს „გამანადგურებელ“ პასუხს გასცემდა. ირანის საპასუხო დაბომბვები მიმართული იყო ისრაელის ქალაქების, ასევე აშშ-ის სამხედრო ბაზების წინააღმდეგ ყატარში, ქუვეითსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. მომდევნო დღეს ირანული დრონის დარტყმის შედეგად ქუვეითის პორტ შუვაიბას ბაზაზე ექვსი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა. 1 მარტს სამხედრო მოქმედებებში ჩაერთო ირანის მიერ მხარდაჭერილი ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლა“, რომელმაც ისრაელის ჩრდილოეთ რაიონების დაბომბვა დაიწყო.
1 მარტს ტრამპი სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ საბრძოლო ოპერაციები „სრული ძალით გრძელდება და გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა ჩვენი მიზანი არ იქნება მიღწეული“. New York Times-ის ჟურნალისტების კითხვაზე, კონკრეტულად რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ეს ოპერაციები, ტრამპმა უპასუხა: „ჩვენ ვვარაუდობთ, ოთხ-ხუთ კვირას“.
მომდევნო დღეს ტრამპმა განაცხადა, რომ სამხედროები შედეგებს გრაფიკზე ადრე აღწევდნენ, თუმცა ასევე თქვა, რომ აშშ-ს ხანგრძლივი ომის წარმოების შესაძლებლობაც აქვს. ამ დროს აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეტმა განაცხადა: „ეს ერაყი არ არის, ომი უსასრულო არ იქნება, ყველაფერი ასე არ არის — ჩვენ გვაქვს მკაფიო, გადამწყვეტი, გამანადგურებელი მისია: სარაკეტო თავდასხმების საფრთხის აღმოფხვრა, ფლოტის განადგურება და [ირანული] ბირთვული იარაღის არდაშვება“.
ირანზე სარაკეტო დარტყმები გრძელდებოდა. 7 მარტს ტრამპმა, პრეზიდენტის თვითმფრინავის სალონში ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას, ამერიკულ-ისრაელის ოპერაციას „მოკლე გასვლა“ უწოდა და განაგრძო თავდაჯერებული განცხადებები იმის შესახებ, რომ აშშ ომს იგებდა და პროცესი გრაფიკს მნიშვნელოვნად უსწრებდა. დასავლური ქვეყნების კრიტიკისადმი მიძღვნილ მის პოსტში, რომლებმაც ამერიკას მხარი არ დაუჭირეს, ასეთი ფრაზა იყო: „ჩვენ არ გვჭირდება ისინი, ვინც უერთდება ომებს, რომლებიც ჩვენ უკვე მოვიგეთ!“

მთელი კვირის განმავლობაში გაუგებარი რჩებოდა, ვინ შეცვალა აიათოლა ხამენეი ირანის უზენაესი ლიდერის პოსტზე. 8 მარტს ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ახალი უზენაესი ლიდერი გარდაცვლილის ვაჟი, 56 წლის მოჯთაბა ხამენეი გახდა. თუმცა მას შემდეგ, მიუხედავად ახალი ლიდერის სახელით გამოქვეყნებული განცხადებებისა, ის საჯაროდ ერთხელაც არ გამოჩენილა; არ არსებობს მისი გამოსვლების კადრებიც. ამიტომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ქმედუნარიანობის შესახებ სპეკულაციები გრძელდება.
მარტის მეორე კვირის დასაწყისში ირანის ხელისუფლებამ ჰორმუზის სრუტის რაიონში დაბომბვები გააძლიერა — ეს არის 40-კილომეტრიანი ვიწრო „ყელი“ სპარსეთის ყურის საზღვარზე, ირანისა და ომანის სანაპიროებს შორის. ცეცხლის ქვეშ მოხვდა რამდენიმე გემი, რომლებიც ამ მონაკვეთის გავლას ცდილობდნენ. 12 მარტს მოჯთაბა ხამენეიმ ახალ თანამდებობაზე პირველი წერილობითი მიმართვა გაავრცელა და ირანის შეიარაღებულ ძალებს სრუტის ბლოკადის გაძლიერება უბრძანა. სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ნავთობითა და ქიმიური პროდუქციით დატვირთული ასობით გემი ზღვაში ჩაკეტილი აღმოჩნდა.

ტრამპი და ჰეგსეტი კვლავ აჩვენებდნენ თავდაჯერებას, რომ ირანის სამხედრო პოტენციალი განადგურებული იყო. ჟურნალ Time-თან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა: „ომი, ფაქტობრივად, დასრულებულია. ნახეთ და დაინახავთ, რომ მათ აღარაფერი დარჩათ — სამხედრო თვალსაზრისით არაფერი დარჩათ“. რესპუბლიკელ კონგრესმენებთან საუბრისას ტრამპმა თქვა: „ჩვენ უკვე ბევრი თვალსაზრისით გავიმარჯვეთ, მაგრამ ჯერ საკმარისად არ გაგვიმარჯვია“. ერთი დღის შემდეგ პიტ ჰეგსეტმა ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ არავის მიუცია დაპირება, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ეს ომი. მისი თქმით, მართვის ბერკეტები ტრამპის ხელშია და არა მისი, ჰეგსეტის საქმე, თქვას, კონფლიქტი სად არის — დასაწყისში, შუაში თუ დასასრულში.
13 მარტს აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ძლიერი დარტყმა მიაყენეს კუნძულ ხარგს, სადაც ირანის ნავთობის ჩასატვირთი ტერმინალებია განთავსებული. 17 მარტს ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების დარტყმებით ორი მაღალი რანგის ირანელი ხელმძღვანელი დაიღუპა: ალი ლარიჯანი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი, და ღოლამრეზა სულეიმანი, გასამხედროებული დაჯგუფება „ბასიჯის“ ხელმძღვანელი, რომლის პატრულებიც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მითითებებს ასრულებენ. აიათოლა ხამენეის დაღუპვის შემდეგ ეს ირანის ხელმძღვანელობისთვის ყველაზე მძიმე დანაკარგი იყო. იმ დღეს ტრამპმა მორიგ კითხვაზე, როდის დასრულდებოდა ომი, არაპირდაპირი პასუხი გასცა: „ამას ვერ გეტყვით. ჩემი წარმოდგენები მაქვს, მაგრამ რა აზრი აქვს ამაზე ლაპარაკს? ის გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“.
დარტყმების გაცვლა გრძელდებოდა. კონფლიქტის მესამე კვირაში ისრაელმა დაბომბა გაზის ობიექტები სამხრეთ პარსის საბადოზე, რომელიც ირანის ბუნებრივი გაზის უდიდეს ნაწილს იძლევა. ირანმა კი დარტყმა მიაყენა ყატარში, რას-ლაფანის ინდუსტრიულ ზონას, სადაც მსოფლიოში უდიდესი თხევადი ბუნებრივი გაზის ქარხანა მდებარეობს.
19 მარტს იაპონიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი „განადგურებასთან ახლოსაა. დარჩა მხოლოდ [ჰორმუზის] სრუტე“. იმავე დღეს პენტაგონის ხელმძღვანელმა პიტ ჰეგსეტმა თქვა, რომ ომის დასრულების „ზუსტი ჩარჩოების“ დადგენა არ სურდა.
23 მარტს პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ და ირანი ომის დასრულებას განიხილავენ — ეს იყო პირველი მინიშნება, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის გარკვეული კონსულტაციები მიმდინარეობდა. ტრამპმა აშშ-სა და ირანს შორის დიალოგს პროდუქტიული უწოდა და თქვა, რომ პენტაგონს დაავალა, გადაედო ირანის ენერგეტიკაზე დაგეგმილი დარტყმები. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში პრეზიდენტი იმეორებდა, რომ ომი მოგებული იყო, ამტკიცებდა, რომ ირანი აშშ-ს გარიგებას ევედრებოდა, და ეჭვს გამოთქვამდა, მზად იყო თუ არა აშშ ასეთ გარიგებაზე წასასვლელად. მარტის ბოლო კვირა მსგავსი განცხადებებით გავიდა და ერთ მომენტში, საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ში გამოქვეყნებულ პოსტში, ტრამპმა ისიც კი განაცხადა, რომ ირანში ახალი და უფრო გონიერი რეჟიმი გამოჩნდა.

თუმცა ომი არ შეჩერებულა — ოთხი დღის შემდეგ, საუდის არაბეთში მდებარე აშშ-ის „პრინც სულთანის“ ბაზაზე ირანული დარტყმის შედეგად 12 სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. 3 აპრილს ირანის საჰაერო თავდაცვამ ამერიკული გამანადგურებელი ჩამოაგდო. ეს ზუსტად ერთი თვის შემდეგ მოხდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა: „ირანს არ აქვს საჰაერო თავდაცვა. ირანს არ აქვს სამხედრო-საჰაერო ძალები. ირანს არ აქვს ფლოტი“. ორივე ამერიკელი პილოტი კატაპულტირდა; ერთი მაშინვე გადაარჩინეს, მეორის მოსაძებნად კი ამერიკული სპეცრაზმის სახმელეთო ოპერაცია გახდა საჭირო.
ტრამპის რიტორიკა უფრო აგრესიული გახდა და მან ირანს ორი დღე მისცა ჰორმუზის სრუტის გასახსნელად. ამ გამკაცრების კულმინაცია გახდა ცნობილი პოსტი აღდგომის დღეს, 5 აპრილს. „სამშაბათი ირანში იქნება ელექტროსადგურების დღე და ხიდების დღე — ყველაფერი ერთ დღეს. ამას აღარავინ ნახავს. გახსენით ეს [წყეული] სრუტე, შეშლილო ნაძირლებო, ან ჯოჯოხეთში იცხოვრებთ“, — წერდა ამერიკელი ლიდერი. ულტიმატუმის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე ტრამპი ახალი მუქარებით გამოვიდა: „მთელი ცივილიზაცია ამ ღამით მოკვდება და აღარასოდეს დაბრუნდება“. იმ იანვრის დღიდან, როცა მან აჯანყებულ ირანელებს მისწერა — „გაუძელით, დახმარება გზაშია“ — სამ თვეზე ოდნავ ნაკლები იყო გასული.
7 აპრილის საღამოს, ულტიმატუმის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე, ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა ჰორმუზის სრუტის „სრულ, დაუყოვნებელ და უსაფრთხო გახსნას“ და ორკვირიანი ზავი გამოაცხადა. „სრული და საბოლოო გამარჯვება, 100%, კითხვების გარეშე“, — განუცხადა მან AFP-ის ჟურნალისტებს. ირანის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ შეთანხმება არსებობს, თუმცა ის ამერიკელებზე გამარჯვებად წარმოაჩინა.

მომდევნო დღეს ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ დაეხმარება სპარსეთის ყურეში ნაოსნობის აღდგენას, ირანი შეძლებს აღდგენას და ყველა ბევრ ფულს გამოიმუშავებს. ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობაზე ორი მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს არანაირი გავლენა არ მოუხდენია.
გაურკვეველი ზავი
ისრაელმა, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ლიბანის მასშტაბურ და დამანგრეველ დაბომბვებს აგრძელებდა, განაცხადა, რომ „ჰეზბოლასთან“ ბრძოლა ზავის პირობებში არ შედის. ირანის ხელისუფლებამ კი აშშ-სთან გამოცხადებული მოლაპარაკებებისთვის საკუთარი პირობების სია წამოაყენა. კატეგორიული მოთხოვნებიდან, რომლებიც მოიცავდა რეპარაციებს განადგურებისთვის და ირანის უფლების აღიარებას ჰორმუზის სრუტის კონტროლზე, ცხადი გახდა, რომ კომპრომისზე საუბარი ჯერ შეუძლებელია.
11 აპრილს პაკისტანში, რომელიც დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავლის როლს ასრულებდა, ჩავიდნენ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები — სტივ უიტკოფი და პრეზიდენტის სიძე ჯარედ კუშნერი. ირანულ მხარეს წარმოადგენდა პარლამენტის სპიკერი მოჰამად-ბაღერ ღალიბაფი. მომდევნო დღეს მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა: ჰორმუზის სრუტის განბლოკვასა და ირანის ურანის მარაგების კონტროლზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. მაშინ ტრამპმა განაცხადა, რომ სრუტის ბლოკადას უკვე აშშ დააწესებს და შეაბრუნებს ირანულ გემებს, რომლებსაც ირანული ექსპორტი გადააქვთ.

16 აპრილს ისრაელი და „ჰეზბოლა“ 10-დღიან ზავზე შეთანხმდნენ. ამან აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებში ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება მოხსნა. თუმცა მეორე რაუნდი მაინც არ დაწყებულა: აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ვენსი ისლამაბადში ვერა და ვერ ჩაფრინდა. ამ ფონზე რეალობასა და განცხადებებს შორის სხვაობა განსაკუთრებით მკვეთრად ჩანდა.
„ირანში ომი შესანიშნავად მიდის. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც გვინდა. და ის საკმაოდ მალე უნდა დასრულდეს, უნდა დასრულდეს. ყველაფერი უბრალოდ შესანიშნავადაა“, — აცხადებდა ტრამპი ნევადაში გამოსვლისას. მომდევნო დღეს მან თქვა, რომ სრუტე გახსნილია, ხოლო ბლოკადა მხოლოდ ირანის მიმართ ხორციელდება. ერთი დღის შემდეგ ირანმა ერთ-ერთ გემს ცეცხლი გაუხსნა — როგორც ჩანს, სამხედრო-საზღვაო ფლოტის ძალებით, რომელიც, თუ ტრამპისა და ვენსის განცხადებებს დავუჯერებთ, უკვე დიდი ხნის წინ იყო ნაწილებად დამსხვრეული.
22 აპრილს, ორკვირიანი ზავის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე, ტრამპმა განაცხადა, რომ ზავი განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდება. ამასთან, პაკისტანში გამოცხადებული მოლაპარაკებების მეორე რაუნდი პაუზაზეა. ისლამაბადი ერთი კვირაა საშინელ საცობებშია, რომლებიც დელეგაციების ჩამოსვლისთვის გზების გადაკეტვამ გამოიწვია. ირანი აცხადებს, რომ ვაშინგტონისთვის ზავის გაგრძელება არ უთხოვია, ხოლო ღალიბაფის — ირანის მთავარი წარმომადგენლის — მრჩეველმა განაცხადა: „ტრამპის მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გაგრძელება, უეჭველად, ხრიკია მოულოდნელი დარტყმისთვის დროის მოსაგებად“. ლიბანში ზავი გრძელდება, თუმცა ისრაელი და „ჰეზბოლა“ ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.

ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული ვითარება კვლავ ისეთივე შემაშფოთებელია: ირანი მას ხან ნაოსნობისთვის ხსნის, ხან ისევ ბლოკავს; აშშ ინარჩუნებს ირანული საზღვაო ტრაფიკის ბლოკადას და 19 აპრილს ირანულ გემს ცეცხლი გაუხსნა და დაიკავა. როგორიც არ უნდა იყოს ვაშინგტონისა და თეირანის დაპირებები, რეალურად სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან გადაზიდვები ბევრად ნაკლებად აქტიურია, ვიდრე ომის დაწყებამდე იყო. თუნდაც დავუშვათ, რომ კონფლიქტი უახლოეს დროში მოგვარდება, ეს აზიის სახელმწიფოებისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკებს მრავალთვიანი პრობლემებით ემუქრება.















