ევროპარლამენტი „ოცნების“ სრული ავტორიტაზმისკენ სვლაზე მიუთითებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს და მხარს უჭერს „ოცნების“ წინააღმდეგ სანქციებს – ამის შესახებ საუბარია ანგარიშში, რომელსაც ევროდეპუტატები საგარეო საქმეთა კომიტეტში 5 მაისს უყრიან კენჭს. ეს რიგით მეორე ანგარიშია საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის შესახებ და მომხსნებელი რასა იუკნევიჩიენეა. საგარეო კომიტეტში დამტკიცების შემდეგ ანგარიში პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე ივნისის შუა რიცხვებში გავა და ევროპარლამენტი მიიღებს რეზოლუციას, რომელიც საქართველოს შესახებ მისი ოფიციალურ პოზიცია იქნება.
უკვე ცნობილია რეზოლუციის პროექტიც. მასში გამოთქმულია შეშფოთება საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მდგომარეობასთან და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შეჩერებასთან დაკავშირებით. ხაზგასმულია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა კიდევ უფრო გაძლიერდა; მმართველი პარტია კი აგრძელებს ევროკავშირის წინააღმდეგ ორგანიზებულ დეზინფორმაციულ კამპანიას და რეპრესიული კანონების მიღებას, ასევე პოლიტიკური ოპონენტების დევნას.
„ევროპარლამენტი გმობს იმ ფაქტს, რომ 2024 წლის ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ უფრო გააძლიერა თავისი ტრაექტორია სრული ავტორიტარიზმისკენ“, — ნათქვამია პროექტში.
რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას: გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი.
მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ სანქცირებას.
შეუძლებლად მიიჩნევს „ოცნებასთან“ ურთიერთობას, ვიდრე მკაფიოდ არ შეიცვლება ვითარება რეპრესიების, შეზღუდვებისა და სასტიკი ანტიევროპული დეზინფორმაციის თვალსაზრისით.
დოკუმენტი მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, შეინარჩუნონ ერთიანი და კოორდინირებული მიდგომა საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტების საკითხში.
რეზოლუციის პროექტში ხაზგასმულია, რომ საქართველო ისევ არ არის თანხვედრაში რუსეთის, ბელარუსისა და ირანის წინააღმდეგ დაწესებული ევროკავშირის სანქციების აბსოლუტურ უმრავლესობასთან და მოუწოდებს ხელისუფლებას, გააძლიეროს თანამშრომლობა, რათა არ მოხდეს საქართველოს ტერიტორიის ან ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირების გამოყენება ევროკავშირის შემზღუდავი ზომებისთვის გვერდის ასავლელად.
პროექტში აღნიშნულია, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე უარის თქმის შემდეგ, „ქართული ოცნება“ ახორციელებს სტრატეგიულ შემობრუნებას ჩინეთთან, რუსეთთან და ირანთან თანამშრომლობისკენ.















