საქართველოს 142-ე პატრიარქად შიო მუჯირი აირჩიეს

წმინდა სინოდმა საქართველოს 142-ე პატრიარქად ეპისკოპოსი შიო მუჯირი 22 ხმით აირჩია.

“ჩემს გამორჩევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად ვიღებ მორჩილებით, ღვთის მადლით და სასოებით” – თქვა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა შიო მესამემ გაფართოებულ კრებაზე

საეკლესიო კრებაზე დაფიქსირებული ხმები ასე გადანაწილდა:

  • მიტროპოლიტი შიო — 22 ხმა;
  • მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი — 9 ხმა;
  • ფაზისისა და ჭიათურის მიტროპოლიტი გრიგოლი — 7 ხმა;
  • გაუქმდა — 1 ბიულეტენი.

გაფართოებულ კრებას სამების საპატრიარქო ტაძარში 1 200-მდე დელეგატი ესწრებოდა, თუმცა ხმის უფლება მხოლოდ მღვდელმთავრებს ჰქონდათ.

არჩევნების შედეგად, ახალი პატრიარქი წმინდა ანდრია პირველწოდებულის სამოციქულო კათედრაზე შიო III-ის სახელით ავა.

მისი სრული ტიტულატურა შემდეგნაირად განისაზღვრა: მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

მეუფე შიო კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2017 წლის 23 ნოემბერს, ქაშვეთის ტაძარში, გიორგობაზე წირვის დაწყებამდე დაასახელა. 

მოსაყდრედ სინოდმა მიტროპოლიტი შიო პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, 2026 წლის 18 მარტს, დაამტკიცა.

მოსაყდრის ბიოგრაფიული ცნობები:

  • მეუფე შიო თბილისში 1969 წლის 1 თებერვალს დაიბადა; დაამთავრა თბილისის 53-ე საშუალო სკოლა; სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვიოლონჩელოს კლასში.
  • 1991 წელს შიომღვიმის მონასტერის მორჩილი გახდა.
  • 1993 წელს, 24 წლის ასაკში, ბერად აღკვეცეს – მიანიჭეს სახელი შიო.
  • 1995 წელს დიაკვნად აკურთხეს.
  • 1996 წელს ბერ-დიაკონი შიო მღვდლად თავად კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აკურთხა.
  • 1997 წელს დაინიშნა თბილისის კლდისუბნის წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად.
  • 1998 წლის 3 აპრილს მღვდელმონაზონ შიოს მიენიჭა იღუმენის წოდება – ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაადგინეს ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად.
  • ანჩისხატისა და ნარიყალას ტაძრებში მსახურების შემდეგ, 2001 წლის ოქტომბრიდან, მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გახდა.
  • 2003 წლის 18 აგვისტოს იღუმენი შიო სენაკისა და ჩხოროწყუს ახლადშექმნილი ეპარქიის წინამძღოლი გახდა; 2009 წელს – მთავარეპისკოპოსი.
  • 2010 წელს დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად.

2007 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსი შიო დაჯილდოვდა წმინდა გიორგის ორდენით. 2018 წლის 21 ივნისს – სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.

უმაღლესი განათლება:

  • 1998 წელს ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, სწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში გააგრძელა – დაუსწრებელ განყოფილებაზე.
  • 2001 წლიდან [როცა მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს ტაძრის წინამძღვარი გახდა], პარალელურად, სწავლობდა მოსკოვის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.