ბულგარელმა მომღერალმა დარამ 70-ე, საიუბილეო „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსი მოიგო. მან 516 ქულა დააგროვა და როგორც ეროვნული ჟიურების, ისე მაყურებლების კენჭისყრის შედეგებით პირველი ადგილი დაიკავა. დარამ ისრაელელი მომღერალი ნოამ ბეტანი ჩამოიტოვა, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა.
მაყურებელთა კენჭისყრის შედეგად ისრაელი 343 ქულით წინ გავიდა და გარკვეული დროის განმავლობაში პირველ ადგილზე რჩებოდა, რადგან ბულგარეთის – ჟიურის ქულებით ლიდერის – შედეგები ბოლოს გამოცხადდა.
ინტერვიუში დარამ განმარტა, რომ მისი გამარჯვებული სიმღერა Bangaranga გამოხატავს განწყობას, რომ „ყველაფერი შესაძლებელია და ყველაფერი კარგად იქნება“.
წელს, ისრაელის მონაწილეობის გამო, „ევროვიზიას“ ხუთმა ქვეყანამ ბოიკოტი გამოუცხადა: ესპანეთმა, ნიდერლანდებმა, ირლანდიამ, ისლანდიამ და სლოვენიამ.
ისრაელელი მომღერალი ნოამ ბეტანი სცენაზე ერთ-ერთი პირველი გამოვიდა. მისი გამოსვლა მოულოდნელობების გარეშე წარიმართა. მისი სიმღერა Michelle, რომელიც ინგლისურ, ფრანგულ და ივრითულ ენებზე შესრულდა, მაყურებლის მხრიდან როგორც უკმაყოფილო , ისე მხარდამჭერი შეძახილები მოჰყვა. დარბაზში ისრაელის დროშებსაც აფრიალებდნენ.
დიდმა ბრიტანეთმა ბოლო ადგილი დაიკავა. სემ ბეთლმა, რომელიც ფსევდონიმით Look Mum No Computer გამოდიოდა, უკრაინის ეროვნული ჟიურისგან ერთი ქულა მიიღო, ხოლო ყველა ქვეყნის მაყურებლისგან — ნული. თუმცა ეს ბრიტანეთისთვის კონკურსის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგი არ არის: 2021 წელს დიდმა ბრიტანეთმა საერთოდ ვერცერთი ქულა ვერ მიიღო.
წელს მთავარ ფავორიტად ფინური დუეტი – ლინდა ლამპენიუსი და პეტე პარკონენი მიიჩნეოდა. ლიდერთა სამეულში ასევე იყვნენ საბერძნეთის წარმომადგენელი აკილასი –აკილას მიტილინეოსი და ავსტრალიელი დელტა გუდრემი.
საბოლოოდ ფინეთი მეექვსე ადგილზე გავიდა, ავსტრალია — მეოთხეზე, ხოლო საბერძნეთი — მეათეზე.
ფინალში კიდევ ერთხელ გავიდა უკრაინა. 2003 წლიდან ქვეყნის წარმომადგენლებმა კონკურსი სამჯერ მოიგეს. ამჯერად უკრაინის სახელით ვიქტორია ლელეკა გამოვიდა სიმღერით „Рiдним“ — „მშობლიურებს“.უკრაინამ 221 ქულით მეცხრე ადგილი დაიკავა.
მოლდოვისთვის ეს საღამო სამმაგ იუბილეს ნიშნავდა: „ევროვიზიის“ 70 წლისთავს, მოლდოვის „ევროვიზიაში“ მონაწილეობის 20 წლისთავს და მოლდოვის დამოუკიდებლობის 35 წლისთავს.
სატოშის სიმღერა სწორედ ამ სამ თარიღს ეძღვნებოდა. მას „ვივატ, მოლდოვა!“ ჰქვია და მაყურებელს ამ ქვეყნის მონახულებისკენ მოუწოდებს.
მოლდოვამ მერვე ადგილი დაიკავა.
სერბულმა მეტალ-ჯგუფმა Lavina სიმღერით Kraj Mene ხმაურიანი გამოსვლა მოაწყო.
ბერძნულმა ჯგუფმა Akylas კი თავის გამოსვლაში ბენგალური ცეცხლები, სკუტერი და ქანდაკებები გამოიყენა.
ალბანელმა მომღერალმა ალის კალაჩიმ ემოციური ბალადა „ნან“ შეასრულა, რომლის უკანაც მისი პირადი ისტორია დგას. სიმღერა დედაზე მოგვითხრობს, რომელიც კართან დგას და შვილის სახლში დაბრუნებას ელოდება.
ეს ისტორია ალბანეთისთვის კარგად ნაცნობია: 1991 წელს კომუნისტური რეჟიმის დაცემის შემდეგ ქვეყნიდან მოსახლეობის დაახლოებით 40% ემიგრაციაში წავიდა.
„ევროვიზიის“ პლატინის იუბილეს აღსანიშნავად სცენაზე კონკურსის ყველაზე დასამახსოვრებელი სიმღერებიც შესრულდა — ყოფილი მონაწილეებისა და გამარჯვებულების მონაწილეობით.
მათ შორის გამოვიდნენ ბელარუსული წარმოშობის ნორვეგიელი მომღერალი ალექსანდრ რიბაკი, 2009 წლის გამარჯვებული; ფინური ჯგუფი Lordi, 2006 წლის გამარჯვებული; და უკრაინელი მომღერალი რუსლანა, რომელმაც კონკურსი 2004 წელს მოიგო.
ბოიკოტები და პროტესტები
წლევანდელ კონკურსს, ისევე როგორც წინა ორს, თან ახლდა პროტესტები ისრაელის მონაწილეობის წინააღმდეგ. თუმცა ამჯერად ისრაელის წარმომადგენლის მიწვევამ „ევროვიზიის“ ხუთი მუდმივი მონაწილის — ისლანდიის, ირლანდიის, ნიდერლანდების, სლოვენიისა და ესპანეთის — ბოიკოტი გამოიწვია.
შაბათს ათასობით ადამიანი გამოვიდა ვენის ქუჩებში, რათა კონკურსში ისრაელის მონაწილეობა გაეპროტესტებინა.

მსვლელობის მონაწილეები ვენის ქუჩებში სკანდირებდნენ: „ბოიკოტი ისრაელს, ბოიკოტი ევროვიზიას!“ და „არა სცენას გენოციდისთვის!“
ისრაელი უარყოფს პალესტინელი მოსახლეობის გენოციდის ბრალდებებს. ის ამტკიცებს, რომ აქვს თავდაცვის უფლება ჰამასის თავდასხმის შემდეგ.















