აშშ-ის სანქციები რუსულ ნავთობზე კვლავ ამოქმედდა: ვაშინგტონმა პაუზა აღარ გააგრძელა

აშშ-ის ადმინისტრაციამ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების მოქმედების შეჩერება აღარ გააგრძელა. ეს ნიშნავს, რომ სანქციები კვლავ მოქმედებს 16 მაისიდან, როდესაც ამოიწურა გამონაკლისების ვადა, რომელიც ქვეყნებს რუსეთიდან სანქცირებული ენერგორესურსების შეძენის საშუალებას აძლევდა.

მარტში ვაშინგტონმა ნაწილობრივ შეაჩერა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციების მოქმედება, რადგან აშშ-ისა და ისრაელის ირანთან ომის ფონზე ნავთობის ფასების ზრდის შენელებას ცდილობდა.

მაშინ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 30 დღით დაუშვა იმ ნავთობის შეძენა, რომელიც უკვე დატვირთული იყო გემებზე.

ეს ვადა 11 აპრილს უნდა ამოწურულიყო, თუმცა ამერიკულმა ადმინისტრაციამ ნებართვა ისევ გააგრძელა — ამჯერად 16 მაისამდე.

11 აპრილამდე ცოტა ხნით ადრე აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი აცხადებდა, რომ აღარ გააგრძელებდა ნებართვას, რომელიც ქვეყნებს რუსული ნავთობის შეძენის საშუალებას აძლევდა ისე, რომ აშშ-ის სანქციების არ შეშინებოდათ.

როგორც Bloomberg აღნიშნავს, ევროპული ქვეყნები სანქციების შეჩერებას ეწინააღმდეგებოდნენ, რადგან ასეთი ზომები ასუსტებს ზეწოლას რუსეთზე, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომს ნავთობის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლებით აფინანსებს.

თუმცა ზოგიერთი სახელმწიფო, მათ შორის ინდოეთი და ინდონეზია, ცდილობდა ტრამპის ადმინისტრაციის დარწმუნებას, რომ შეჩერება გაეგრძელებინა, რადგან ჰორმუზის სრუტის ბლოკადამ მსოფლიო ბაზრებს ნავთობის მნიშვნელოვანი ნაწილი მოაკლო, წერს Bloomberg.