აშშ-მა კვლავ გაახანგრძლივა რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების შეჩერება

აშშ-მა კიდევ 30 დღით დაუშვა რუსული ნავთობის შეძენა, რომელიც „ამჟამად ზღვაში იმყოფება“, — განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა. მისი თქმით, ასეთი თხოვნით ვაშინგტონს რამდენიმე „ყველაზე მოწყვლადმა ქვეყანამ“ მიმართა.

ბესენტს არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყნებზეა საუბარი, თუმცა Bloomberg-ი ადრე წერდა, რომ ინდოეთი და ინდონეზია ცდილობდნენ ტრამპის ადმინისტრაციის დარწმუნებას, გაეხანგრძლივებინა სანქციების შეჩერება, რადგან ჰორმუზის სრუტის ბლოკადამ მსოფლიო ბაზრებს ნავთობის მნიშვნელოვანი ნაწილი მოაკლო.

ვაშინგტონის მხრიდან რუსულ ნავთობთან დაკავშირებული სანქციების შეჩერება პირველად მარტში ამოქმედდა. მაშინ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 30 დღით დაუშვა იმ ნავთობის შეძენა, რომელიც უკვე გემებზე იყო დატვირთული. ამის შემდეგ, აპრილში, ეს ზომა კიდევ ერთხელ გაახანგრძლივეს.

ევროპული ქვეყნები ამას ეწინააღმდეგებოდნენ, რადგან ასეთი ნაბიჯები ასუსტებს რუსეთზე ზეწოლას — რუსეთზე, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომს ნავთობის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლებით აფინანსებს.