ზელენსკი: უკრაინის დაზვერვა „ჩრდილოეთიდან ომის გაფართოების“ ხუთ სცენარს განიხილავს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის დაზვერვა განიხილავს ხუთ სცენარს, რომლის მიხედვითაც რუსეთმა შესაძლოა ჩერნიგოვი-კიევის მიმართულებით ახალი შეტევითი ოპერაციები დაიწყოს.

საკუთარ სოციალურ ქსელებში მან დაწერა, რომ გაიმართა უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა, სადაც გააანალიზეს დაზვერვის მონაცემები რუსეთის ჯარების შესაძლო მოქმედებების შესახებ.

„მტრის მოქმედების თითოეულ შესაძლო ვარიანტზე ვამზადებთ პასუხებს, თუ რუსები მართლაც გადაწყვეტენ აგრესიის გაფართოებას. ამ მიმართულებით ჩვენი ძალები გაძლიერდება“, — დაწერა ზელენსკიმ.

მას არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რომელ სცენარებზეა საუბარი, თუმცა აღნიშნა, რომ „უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, მოამზადოს დამატებითი დიპლომატიური ზემოქმედების ზომები ბელარუსთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთმა შესაძლოა ომის ასეთი გაფართოებისთვის გამოიყენოს“.