ავსტრიის დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი ეგისტო ოტი ავსტრიაში ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ჯაშუშურ პროცესზე რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნეს.
ვენის სასამართლომ 63 წლის ოტი დამნაშავედ ცნო რუსეთის დაზვერვის წარმომადგენლებისთვის და იან მარსალეკისთვის ინფორმაციის გადაცემაში. მარსალეკი გაკოტრებული გერმანული საგადახდო კომპანია Wirecard-ის ყოფილი ხელმძღვანელია და მართლმსაჯულებას ემალება.
ოტი, რომელიც ბრალდებებს უარყოფს, ოთხი წლითა და ერთი თვით პატიმრობით დაისაჯა. მისმა ადვოკატმა განაჩენი გაასაჩივრა.
ჯაშუშურმა სკანდალმა კვლავ გააჩინა შიში, რომ ავსტრია რუსეთის სადაზვერვო საქმიანობის ერთ-ერთ კერად რჩება.
ჯაშუშობის გარდა, ოტი დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, ქრთამის აღებაში, დამამძიმებელ გარემოებებში თაღლითობასა და ნდობის ბოროტად გამოყენებაში.
სასამართლოზე ითქვა, რომ ის „ავსტრიის რესპუბლიკის საზიანოდ რუსეთის ფედერაციის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურს“ ეხმარებოდა — 2015-დან 2020 წლამდე პოლიციის მონაცემთა ბაზებიდან აგროვებდა საიდუმლო ინფორმაციას და დიდი მოცულობის პერსონალურ მონაცემებს.
პროკურორების განცხადებით, ოტი ამ ინფორმაციას მარსალეკსა და რუსეთის დაზვერვის უცნობ წარმომადგენლებს გადასცემდა და ამის სანაცვლოდ ანაზღაურებას იღებდა.
მარსალეკს, რომელიც ასევე ავსტრიის მოქალაქეა, გერმანიის პოლიცია თაღლითობის ბრალდებით ეძებს. ამჟამად, როგორც ვარაუდობენ, ის მოსკოვში იმყოფება, სადაც 2020 წელს ავსტრიის გავლით გაიქცა.
რუსეთის დაზვერვის სავარაუდო აგენტ მარსალეკზე ინტერპოლის „წითელი ცირკულარი“ მოქმედებს — საერთაშორისო მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც ის შეიძლება დააკავონ, თუ ინტერპოლის 196 წევრი ქვეყნიდან რომელიმეს ტერიტორიაზე აღმოაჩენენ.
პროკურორებმა სასამართლოს განუცხადეს, რომ მარსალეკმა ოტს დაავალა მიეღო ლეპტოპი, რომელიც შეიცავდა ევროკავშირის ქვეყნების მიერ დაცული ელექტრონული კომუნიკაციისთვის გამოყენებულ საიდუმლო ელექტრონულ მოწყობილობას. მათი თქმით, ეს ლეპტოპი რუსეთის დაზვერვას გადაეცა.
ოტი ასევე დამნაშავედ ცნეს ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების სამსახურებრივი ტელეფონებიდან მიღებული მონაცემების მოსკოვისთვის გადაცემაში. მან ტელეფონები მას შემდეგ ჩაიგდო ხელში, რაც ისინი ავსტრიის შსს-ს მიერ ორგანიზებული ნავით გასეირნების დროს შემთხვევით მდინარე დუნაიში ჩავარდა.
სასამართლოზე ცნობილი გახდა, რომ ოტმა მათი შიგთავსი დააკოპირა და მარსალეკსა და მოსკოვს გადასცა.

ბრალდების მხარემ სასამართლოს განუცხადა, რომ ოტს „რუსეთის მიმართ რომანტიკული გრძნობები“ არ ჰქონია — მას ფინანსური მოტივი და სამსახურში იმედგაცრუება ამოძრავებდა.
ოტმა სასამართლოში ბრალდებები უარყო. მისი თქმით, ის მოსკოვისთვის არ მუშაობდა, არამედ დასავლურ სადაზვერვო სამსახურთან თანამშრომლობით საიდუმლო ოპერაციას ატარებდა.
საქმემ ნათელი მოჰფინა მარსალეკის სხვა სავარაუდო მოქმედებებსაც. მოგვიანებით მას თაღლითობისა და გაფლანგვის ბრალდებები წაუყენეს Wirecard-ის ბალანსისა და გაყიდვების მოცულობის შესაძლო ხელოვნურად გაზრდასთან დაკავშირებით.
ასევე მიიჩნევა, რომ მარსალეკი ხელმძღვანელობდა ბულგარელების ჯგუფს, რომლებიც 2025 წელს ლონდონში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნეს.
როდესაც ოტი 2024 წელს დააკავეს, ავსტრიის მაშინდელმა კანცლერმა კარლ ნეჰამერმა ეს საქმე „ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისა და ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ“ შეაფასა.















