The guardian: საქართველოში Trump Tower აშენდება მიწაზე, რომელსაც ნაწილობრივ აშშ-ის სანქციების ქვეშ მყოფი ქვეყნის ლიდერის შვილი ფლობს

ბრიტანული გამოცემა  The guardian  საქართველოში Trump Tower-ის პროექტის შესახებ ვრცელ სტატას აქვეყნებს სათაურით: საქართველოში Trump Tower აშენდება მიწაზე, რომელსაც ნაწილობრივ აშშ-ის სანქციების ქვეშ მყოფი ქვეყნის ლიდერის შვილი ფლობს. 
“Trump Organization-სა და ივანიშვილის ოჯახს შორის კავშირები თბილისის ცათამბჯენის პროექტში ინტერესთა კონფლიქტის ახალ კითხვებს აჩენს“– წერს გამოცემა.

გთავაზობთ სტატიის სრულ თარგამნს:

თბილისში დაგეგმილი Trump Tower აშენდება მიწის ნაკვეთზე, რომლის ამჟამინდელ თანამფლობელად საქართველოს აშშ-ის სანქციების ქვეშ მყოფი ლიდერის შვილი ფიქსირდება — ამის შესახებ ოფიციალური ჩანაწერები მიუთითებს.

დაგეგმილი ცათამბჯენი, რომელიც ადგილობრივი კონსორციუმისა და Trump Organization-ის ერთობლივი პროექტია — კომპანიის მართვაში აშშ-ის პრეზიდენტის შვილები, დონალდ ტრამპ უმცროსი და ერიკ ტრამპი არიან ჩართული — განთავსდება ნაკვეთზე, რომლის ამჟამინდელი რეგისტრირებული მფლობელია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“.

ოფიციალური ჩანაწერების მიხედვით, ფონდი „ქართუ“ სრულად ეკუთვნის „ქართუ ჯგუფს“, რომლის 35%-ის მფლობელია უტა ივანიშვილი — ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟი. ბიძინა ივანიშვილი მილიარდერი პოლიტიკოსია და საქართველოს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე.

ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ფართოდ აღიქმება საქართველოს მთავრობის დე ფაქტო ლიდერად, ბაიდენის ადმინისტრაციამ 2024 წელს აშშ-ის სანქციების ქვეშ მოაქცია „საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლის რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ ძირის გამოთხრისთვის“.

უტა ივანიშვილი სანქციების ქვეშ არ იმყოფება. ის 2024 წლამდე „ქართუ ჯგუფის“ 100%-ს ფლობდა, თუმცა წილი 35%-მდე შეამცირა მას შემდეგ, რაც მამამისი — საქართველოს უმდიდრესი ადამიანი — აშშ-ის ეკონომიკური შეზღუდვების ქვეშ მოექცა.

დღეს „ქართუ ჯგუფის“ დარჩენილი 65%-იანი წილის მფლობელების იდენტიფიცირება შეუძლებელია, რადგან 5%-ზე ნაკლები ინდივიდუალური წილების მფლობელებს ანონიმურად დარჩენა შეუძლიათ.

სანქციების რეჟიმის პირობებში, აშშ-ის მოქალაქეებს ეკრძალებათ ბიძინა ივანიშვილთან პირადად ბიზნესის წარმოება, გადახდების დამუშავება ან მომსახურების გაწევა შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე, თუმცა არსებობს გამონაკლისი იმ ბიზნესებთან დაკავშირებით, რომლებიც მისი კონტროლის ქვეშ არიან.

Trump Organization-სა და ივანიშვილის ოჯახს შორის კავშირები ახალ შეშფოთებას აჩენს შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის შესახებ — განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტის სახელის გამოყენება იყიდება დეველოპერებისთვის, რომლებიც საცხოვრებელი და საკურორტო კომპლექსების გაყიდვას ცდილობენ.

Trump Organization-ის მიერ გაფორმებულ მსგავს ფრენჩაიზინგულ შეთანხმებებს შორისაა ომანში ფეშენებელური სასტუმროსა და გოლფის მოედნის კომპლექსი, რომელიც ქვეყნის მთავრობის კუთვნილ მიწაზე შენდება.

გასულ წელს New York Times-ი წერდა, რომ ეს პროექტი და კიდევ სამი სხვა პროექტი ხორციელდება საუდის არაბეთში დაფუძნებული უძრავი ქონების კომპანიის, Dar Al Arkan-ის შვილობილთან პარტნიორობით, რომელსაც საუდის მთავრობასთან მჭიდრო კავშირები აქვს. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ „არც პრეზიდენტს და არც მის ოჯახს“ „არასდროს ჰქონიათ და არც მომავალში ექნებათ ინტერესთა კონფლიქტი“.

აპრილში Trump Organization-ის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში, რომელიც თბილისში 70-სართულიანი კოშკის პროექტის გამოცხადებას ეხებოდა, ერიკ ტრამპმა — უძრავი ქონების მრავალეროვნული კომპანიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა — განაცხადა, რომ კომპანია „ამაყობს, რომ საქართველოში მოაქვს გლობალურად აღიარებული მაღალი სტანდარტი“ და განსაკუთრებით კმაყოფილია „ასეთ პატივსაცემ და პროფესიონალ დეველოპერებთან“ თანამშრომლობით.

პროექტში, რომლის მიზანიც საქართველოში ყველაზე მაღალი შენობის აშენებაა, Trump Organization-თან პარტნიორობაში შედიან ოთხი ქართული კომპანია — Archi Group, Biograpi Living, Blox Group და Finvest Georgia — ასევე აშშ-ში დაფუძნებული Sapir Organization, რომელიც Trump-ის დიდი ხნის პარტნიორია. არც ამ კომპანიებს და არც მათ დირექტორებს სანქციები არ ეხებათ.

Archi Group-ის დამფუძნებელი, ბიზნესმენი ილია წულაია, ადრე „ქართული ოცნების“ დეპუტატი იყო. Biograpi Living კი Wissol Group-ის ნაწილია, რომელსაც ძმები სოსო და ლევან ფხაკაძეები ფლობენ; მათი დუმილი საქართველოში ბოლო პერიოდის პოლიტიკური რყევების ფონზე ადგილობრივი მედიის ყურადღების საგანი გახდა. არც ერთ კომპანიას კომენტარის თხოვნაზე პასუხი არ გაუცია.

ტრამპის შვილები: დონალდ ტრამპ უმცროსი და ერიკ ტრამპი

თბილისის ცენტრალური ნაკვეთი, სადაც Trump Tower უნდა აშენდეს, ძველი საბჭოთა იპოდრომია. ახლა ის „ქართუს“ ეკუთვნის, თუმცა 2023 წელს მიღწეული იყო შეთანხმება მისი Central Park Avenue LLC-სთვის მიყიდვის შესახებ.

ამ მიწის მხოლოდ მცირე პერიფერიული ნაწილის საკუთრებაა ჯერჯერობით გადაცემული Central Park Avenue LLC-სთვის. ნაკვეთის ძირითადი ნაწილის გაყიდვის დასრულება უნდა მოხდეს მას შემდეგ, რაც „ქართუ“ გაყიდვის ფასს მიიღებს.

ივანიშვილის ადვოკატმა თემო წიქვაძემ განაცხადა:

„ბიძინა ივანიშვილის ოჯახი ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე სულ 511 880 კვადრატულ მეტრ მიწას ფლობდა.

ბიძინა ივანიშვილმა ამ მიწის უდიდესი ნაწილი — 431 735 კვადრატული მეტრი — სახელმწიფოს გადასცა და ამჟამად საკუთარი ხარჯით აშენებს საზოგადოებრივ სივრცეს, ცენტრალურ პარკს. დარჩენილ 80 000 კვადრატულ მეტრზე წინასწარი ნასყიდობის ხელშეკრულება 2023 წლის 16 ოქტომბერს გაფორმდა.

ამ ხელშეკრულების მიხედვით, მომავალი მფლობელი არის Central Park Avenue LLC, თუმცა ტერიტორიის ნაწილი — 9 645 კვადრატული მეტრი — უკვე სრულად გადაცემულია. დარჩენილი მიწის გადაცემა მომავალ მფლობელზე მოხდება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად თანხის გადახდის შემდეგ.“

საქართველოში ბიძინა ივანიშვილის კრიტიკოსები Trump Tower-ის პროექტს აღიქვამენ, როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან თავის მოწონების მცდელობას. „ქართული ოცნების“ ლიდერები კი პროექტს ხმამაღლა წარმოაჩენენ, როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მმართველობის მიმართ ნდობის გამოხატულებას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „როდესაც ტრამპის კომპანია საქართველოში საკუთარი ბრენდით შემოდის, ეს ნიშნავს, რომ მას არსებული გარემოს ძლიერი გაგება აქვს. ბუნებრივია, ტრამპი და მისი კომპანია ფრთხილობენ, დაიცვან ის რეპუტაცია, რომელიც ააშენეს.“

Transparency International Georgia-ს ანტიკორუფციული პროგრამის მენეჯერმა სანდრო ქევხიშვილმა განაცხადა, რომ არსებობს საფუძველი შეშფოთებისთვის, რომ საქართველოში Trump Tower-ის პროექტი „არა უბრალოდ კერძო ბიზნესპროექტი, არამედ უფრო პოლიტიკური პროექტია“.

მისი თქმით, შეშფოთების პირველი საფუძველია იმ ბიზნესმენებიდან მინიმუმ ერთის მონაწილეობა, რომელსაც „ქართულ ოცნებასთან“ კავშირები აქვს. „მეორე არის ის, რომ დღემდე მიწის ნაკვეთი, რომელზეც პროექტია დაგეგმილი, ეკუთვნის „ქართუ ფონდს“ — საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელიც დაკავშირებულია ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან და ადამიანთან, რომელიც საქართველოზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს; მესამე კი ის ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პროპაგანდისტული არხები, რომლებიც ცოტა ხნის წინ გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დაასანქცირა უკრაინის ომის შესახებ ცრუ ინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელებისთვის, ამ ბიზნესგარიგებას მმართველი პარტიის პოლიტიკურ გამარჯვებად წარმოაჩენენ.“

თეთრმა სახლმა კითხვები Trump Organization-თან  გადაამისამართა, რომელსაც კომენტარის თხოვნაზე პასუხი არ გაუცია.