ვლადიმირ პუტინისა და ალინა კაბაევას სავარაუდო საერთო შვილებს გერმანულ და ინგლისურ ენებს უცხოელები ასწავლიან, გაარკვია პროექტმა „სისტემა“. მათი მომსახურების ანაზღაურებაზე წელიწადში ასობით ათასი დოლარი იხარჯება.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და ოლიმპიური ჩემპიონი ალინა კაბაევას სავარაუდო ვაჟებს უცხო ენებს დასავლელი გუვერნიორები და გუვერნანტები ასწავლიან. 2017-დან 2026 წლამდე პერიოდში პუტინისა და კაბაევას ოჯახში მუშაობდა დაახლოებით 20 ასეთი სპეციალისტი დიდი ბრიტანეთიდან, ახალი ზელანდიიდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან და ირლანდიიდან. ამის შესახებ ნათქვამია პროექტ „სისტემის“ გამოძიებაში, რომელიც ხუთშაბათს, 28 მაისს გამოქვეყნდა.
მხოლოდ 2026 წლის იანვარში პუტინისა და კაბაევას სავარაუდო შვილების სამი გუვერნანტის ხელფასზე, გამომძიებლების ცნობით, სულ მცირე 3,5 მილიონი რუბლი დაიხარჯა.
უცხოელი სპეციალისტების დაქირავებით კაბაევას ბიძაშვილები არიან დაკავებულები
ოფიციალურად მასწავლებლები გაფორმებულები იყვნენ, როგორც „წამყვანი მთარგმნელები“ „სოგაზის“ საერთაშორისო სამედიცინო ცენტრის პროფესიული გადამზადების ინსტიტუტში. ტექსტის მიხედვით, ეს მათ საშუალებას აძლევს, რუსეთში ვიზები და სამუშაო ნებართვები მიიღონ, როგორც „მაღალკვალიფიციურმა სპეციალისტებმა“.
„სისტემის“ მიერ ბოლო 9 წლის განმავლობაში მოპოვებული მონაცემების თანახმად, პუტინის უმცროსი შვილებისთვის უცხოელი მასწავლებლების დაქირავებით ალინა კაბაევას ბიძაშვილები — ოლესია ფედინა და ეკატერინა გოლოვაჩოვა — არიან დაკავებულები. დოკუმენტებში არც პუტინი და არც კაბაევა არ არიან ნახსენები. ბავშვები იქ მხოლოდ „მეურვეობის ქვეშ მყოფებად“ არიან მითითებულები, თუმცა 2019 წლის ერთ-ერთ დოკუმენტში ფიგურირებს სახელი ივან ფედინი. ამასთან, გამოძიების ავტორები აღნიშნავენ, რომ ოლესია ფედინას ვაჟს სხვა სახელი ჰქვია.
მანამდე გამოცემა „პროექტის“ ჟურნალისტები და ცენტრი „დოსიე“ აქვეყნებდნენ გამოძიებებს, რომლებშიც ამტკიცებდნენ, რომ პუტინისა და კაბაევას ვაჟებს, სავარაუდოდ, ივანი — დაბადებული 2015 წელს — და ვლადიმირი — დაბადებული 2019 წელს — ჰქვიათ.
თანამშრომლებს ბავშვებისთვის საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების თავს მოხვევა და LGBTQ+ თემებზე საუბარი ეკრძალებოდათ
გამოძიების მიხედვით, მასწავლებლები „მეურვეობის ქვეშ მყოფებთან“ ერთად ცხოვრობდნენ რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში ვალდაიზე. ამის გამო მათ ჯანმრთელობაზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექციათ და რეგულარულად გაევლოთ სამედიცინო შემოწმებები.
ბავშვებთან მუშაობისას თანამშრომლებს ეკრძალებოდათ მათთვის საკუთარი რელიგიური, პოლიტიკური ან იდეოლოგიური შეხედულებების თავს მოხვევა, ასევე სექსუალური განათლებისა და LGBTQ+ თემების წამოჭრა.
„სისტემა“ წერს, რომ 2019 წელს ოლესია ფედინა გუვერნანტებს ეუბნებოდა, რომ ივანი ოთხი წლის ასაკისთვის მუდმივად უნდა ყოფილიყო ჩაძირული „ენობრივ აბაზანაში“, ხოლო მისი ინგლისური მეტყველება უნდა ჟღერდეს როგორც „განათლებული ევროპელის მეტყველება“. გამომძიებლების თქმით, მსგავსი მოთხოვნები არსებობდა გერმანული ენის სწავლებასთან დაკავშირებითაც.
დოკუმენტებში ნახსენები მასწავლებლების უმრავლესობამ „სისტემის“ კითხვებს არ უპასუხა. გამომძიებლების ცნობით, გოლოვაჩოვამ, ფედინამ, ალინა კაბაევას წარმომადგენელმა და კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმაც მათთვის გაგზავნილი კითხვები უპასუხოდ დატოვეს.














