ავსტრიის მოქალაქე ბერან ა. დამნაშავედ ცნეს ვენაში მომღერალ ტეილორ სვიფტის კონცერტზე ტერაქტის მომზადებასა და „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტული უჯრედის შექმნაში.
ავსტრიის ქალაქ ვინერ-ნოიშტადტის მიწის სასამართლომ ხუთშაბათს, 28 მაისს, 21 წლის ავსტრიის მოქალაქე ბერან ა.-ს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის ვენაში ამერიკელი პოპ-ვარსკვლავის, ტეილორ სვიფტის კონცერტზე ტერაქტს ამზადებდა.
სვიფტის კონცერტის სტუმრებზე ვენის „ერნსტ ჰაპელის“ სტადიონზე თავდასხმის მცდელობის გარდა, ბერან ა. დამნაშავედ ცნეს „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტული უჯრედის შექმნასა და მკვლელობის მიზნით შეთქმულებაში. სასამართლო პროცესზე მან მოყვა, როგორ იღებდა ინსტრუქციებს „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებისგან, რომელსაც 2023 წელს შეუერთდა, და აღწერა ასაფეთქებელი მოწყობილობის აწყობის საკუთარი წარუმატებელი მცდელობები.
ტეილორ სვიფტის კონცერტები ვენაში 2024 წლის 8-10 აგვისტოს უნდა გამართულიყო მისი ევროპული ტურნეს — The Eras Tour-ის — ფარგლებში. კონცერტებზე 170 ათასზე მეტ მაყურებელს ელოდებოდნენ. მას შემდეგ, რაც ავსტრიის ხელისუფლებამ, ამერიკული სპეცსამსახურების დახმარებით, ტერაქტის გეგმა გამოავლინა, შოუები გაუქმდა. ბერან ა. სავარაუდო თავდასხმამდე ერთი დღით ადრე დააკავეს.
მეორე ბრალდებულს საზღვარგარეთ ტერაქტების მომზადებისთვის 12 წელი მიუსაჯეს
ბერან ა.-სთან ერთად ბრალდებულთა სკამზე იჯდა 21 წლის არდა კ.-ც, რომელსაც 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. პროკურატურის მონაცემებით, ორივე მათგანი მესამე თანამზრახველთან — ჰასან ე.-სთან ერთად, რომელიც საუდის არაბეთში პატიმრობაში იმყოფება, — 2023 წლის ბოლოს „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით მექაში, სტამბოლსა და დუბაიში ერთდროულ თავდასხმებს გეგმავდა.
ბრალდების თანახმად, 2024 წლის 11 მარტს ისინი პოლიციელებსა და უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლებზე ერთდროულად თავდასხმას აპირებდნენ.
ბერან ა.-მ სასამართლოში განაცხადა, რომ დუბაიში გაემგზავრა და თავდასხმის მიზნით ორი დანა იყიდა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში პანიკა დაეწყო და საკუთარ გეგმაზე უარი თქვა. მას შემდეგ, რაც ბერან ა. და არდა კ. დუბაიდან და სტამბოლიდან დაბრუნდნენ ისე, რომ თავდასხმები არ განუხორციელებიათ, ჰასან ე.-მ მექაში, ალ-ჰარამის მეჩეთის დაცვის თანამშრომელს ყელში დანა დაარტყა და კიდევ ოთხი ადამიანი დაჭრა, სანამ მას გაანეიტრალებდნენ და დააკავებდნენ.















