ქართული ოცნების ტეხასელი ლობისტი ჯო უილსონს საქართველოსთან დაკავშირებით საუბრისთვის შეხვედრას სთხოვს

ტეხასელი ნავთობმაგნატი ამერიკელ კონგრესმენს, ჯო უილსონს წერილს უგზავნის და საქართველოსთან დაკავშირებით საუბრისთვის აუდიენციას სთხოვს.

სტივ ნიკანდროსი საქართველოში მოქმედი კომპანია TXN Energy-ის დამფუძნებელი, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორია, მანამდე კი ნავთობისა და გაზის კომპანია Frontera Resources-ს ხელმძღვანელი იყო, რომელსაც საქართველოს მთავრობასთან სერიოზული სამართლებრივი და ფინანსური პრობლემები ჰქონდა.

კონგრესმენისადმი მიწერილი წერილი სოციალურ ქსელ X-ზე ამერიკული გამოცემა The Hill-ის ჟურნალისტმა, ლორა კელიმ გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ნიკანდროსი ვაშინგტონში „ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობების გაუმჯობესების მოთხოვნით დაბრუნდა. ჯო უილსონი კი იმიტომაა მისი მთავარი სამიზნე, რომ სწორედ ის არის ადამიანი, რომელიც აშშ-ის კონგრესში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატორია, – არჩევნების გაყალბების, ირანთან ფარული კავშირებისა და ქართველი ხალხის რეპრესიების გამო.

 უილსონისადმი მიწერილ წერილში ნიკანდროსი წერს, რომ ყურადღებით ადევნებს თვალს უილსონის ინიციატივებს, თუმცა პატივისცემით, მაგრამ არ ეთანხმება კონგრესმენის ბოლოდროინდელ მკაცრ დასკვნებს საქართველოს ამჟამინდელ კურსთან დაკავშირებით. საქართველოში 30 წლიანი მუშაობის გამო, ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ შეუძლია უილსონს შესთავაზოს უნიკალური, კერძო სექტორის ხედვა ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზე. მას სურს აჩვენოს, თუ რა პრაქტიკული ზიანი შეიძლება მოუტანოს აშშ-ის მკაცრმა საჯარო გზავნილებმა და პოლიტიკამ (სანქციებმა) ამერიკულ ბიზნესს. შეხვედრაზე მას სურს განიხილოს საქართველოს როლი „შუა დერეფანში“, რეგიონული ენერგოუსაფრთხოება და გზები, რომლებითაც აშშ-საქართველოს მტკიცე ურთიერთობა დაეხმარება ამერიკულ ეკონომიკურ და სტრატეგიულ ინტერესებს.

ერთი შეხედვით, ნიკანდროსი საკუთარ თავსა და ამერიკულ ბიზნესს ლობირებს, თუმცა რეალობა ბევრად უფრო კომპლექსურია.

როგორც გამოცემა The Hill თავის სტატიაში აღნიშნავს, სწორედ სტივ ნიკანდროსი იყო ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, რომელმაც აშშ-ის სენატში „მეგობარი აქტის“ (MEGOBARI Act) წინსვლა შეაჩერა და კანონპროექტი „თაროზე შემოადებინა“:

„ტეხასელი ნავთობმაგნატი ლობირებს ორპარტიული კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას პრორუსი და ანტიდემოკრატიული მაღალჩინოსნებისთვის საქართველოს სახელმწიფოში“ – წერდა The Hill.

მაშინ გამოცემამ მოიპოვა ნიკანდროსის მიერ კონგრესმენებისა და სენატორებისთვის გაგზავნილი ფარული წერილები, რითაც ადასტურებდა, რომ ნიკანდროსი ვაშინგტონში აქტიურად ებრძოდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ დაგეგმილ ამერიკულ სანქციებს.

რატომ იცავს ამერიკელი მაგნატი „ოცნების“ ხელისუფლებას? ამ კითვაზე პასუხი თავის დროზე iFact-ის ჟურნალისტურმა გამოძიებამ გასცა, რომელმაც დაადგინა, რომ ვაშინგტონში სანქციების ბლოკირების პარალელურად, თბილისში Frontera-ს საქმეები საეჭვოდ და მკვეთრად წავიდა უკეთესობისკენ:

„2025 წლის დეკემბერში “მეგობარი აქტი” დაიბლოკა. ამის უკან ორი ადამიანი იდგა – ყოფილი ოკლაჰომელი სენატორი მარკვეინ მალინი და ტეხასელი ნავთობმაგნატი სტივ ნიკანდროსი, რომელსაც აქტის მიღება პირადი ინტერესების გამო არ აწყობდა.

ამ მოვლენების პარალელურად კი სტივ ნიკანდროსის ბიზნესმა საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღო – ფინანსური შეღავათები და 15-მილიონიანი დავალიანების ჩამოწერა… სანამ საქართველოში „ფრონტერა“ ყადაღებსა და გაკოტრების საქმეებში იყო გახვეული, ვაშინგტონში „ქართულ ოცნებას“ დასანქცირების საფრთხე დაემუქრა. სწორედ აქ გადაიკვეთა მათი ინტერესები – ნიკანდროსი ფინანსური დანაკარგების გარეშე, საქართველოდან იოლად გასვლის გზებს ეძებდა, ბიძინა ივანიშვილის გუნდი კი – სენატში გავლენიან ლობისტურ მხარდაჭერას. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ ორივე მხარემ – ნიკანდროსმაც და “ქართულმა ოცნებამაც” ის მიიღო, რაც სურდა. “მეგობარი აქტი” ჩავარდა, სტივ ნიკანდროსის ბიზნესი მრავალმილიონიანი დავალიანების გადახდას გადაურჩა“ – წერდა iFact.

რას მოელის ნიკანდროსი უილსონთან შეხვედრისგან, ძნელი სათქმელია. ჯერ კიდევ გასულ წერს Reuters-ი წერდა:

„პოლიტიკურმა დონორმა, რომელსაც ბიზნეს-ინტერესები აქვს საქართველოს სახელმწიფოში, ბოლო კვირების განმავლობაში კანონმდებლებთან ფარული ლობირება აწარმოა იმ კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს ზეწოლას ამ ქვეყნის ანტიდასავლურ მმართველ პარტიაზე. ამ ქმედებამ განარისხა კონგრესის მაღალი რანგის რესპუბლიკელი. უილსონმა ღიად განაცხადა, რომ ამ საკითხს ჰელსინკის კომისიის ფარგლებში შეისწავლიდა: „მე შევეცდები მეტი გავიგო ამ პიროვნების საქმიანობის შესახებ“ – წერდა Reuters-ი.

ნიკანდროსის გააქტიურება შესაძლოა, სწორედ იმის დასტურია, რომ ვაშინგტონში კულუარული ომი საქართველოს გარშემო ახალ, ბევრად უფრო სახიფათო ფაზაში შედის.