თინა ბოკუჩავა:მიხეილ სააკაშვილის პოსტი მოულოდნელი იყო. ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა

მიხეილ სააკაშვილის პოსტი მოულოდნელი იყო. ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა და მიმაჩნია, რომ სწორედ ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა.

„თქვენ გახსოვთ, 6 დღის წინ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა პოსტი, რომ ის მხარს მიჭერდა მე როგორც პარტიის თავმჯდომარეს იმ ცვლილებების განსახორციელებლად, რაც მას მიაჩნია რომ აუცილებელია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერებისთვის. მეტიც, მე მას გუშინდელ ეთერში მადლობა გადავუხადე ამ განახლებული ნდობის მანდატისთვის. ჩემი 2 წლიანი ვადა, რომლითაც პარტიულმა ყრილობამ 2024 წლის 8 ივლისს ამირჩია, დაახლოებით ერთ თვეში იწურება, ამიტომ მე მას მადლობა გადავუხადე განახლებული ნდობის მანდატისთვის, რომ ჩვენ საერთო ძალისხმევით და სწორი მიდგომით, ხედვით „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის გალიერების მიზნით, რეფორმები გაგვეტარებინა.

სიმართლე გითხრათ, ის პოსტი, რომელიც მე სულ რამდენიმე წუთის წინ, ბრიფინგამდე გზაში წავიკითხე, მოულოდნელი იყო. ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა და მიმაჩნია, რომ სწორედ ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ,“ – განაცხადა ბოკუჩავამ.

მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დღეს დაწერა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის მისი კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანია.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ივლისში ყველა თანამდებობის პირს „ნაციონალურ მოძრაობაში“ უმთავრდება ვადა და  აუცილებელია თავმჯდომარის არჩევნები იმ ფორმატით, „რომელიც რეჟიმის მხრიდან ჩარევას გამორიცხავს“.