ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი “არაბულ ინვესტიციებთან“ დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს. ცენტრის ინფორმაციით, ხელისუფლების მიერ დაპირებული 6 მილიარდიანი ინვესტიცია არაბეთის ქვეყნებიდან საქართველოში არ ჩანს. 2025 წელს და 2026 წლის პირველ თვეებში არაბთა გაერთიანებული საამიროები ინვესტორ ქვეყანათა 10-ეულშიც არ არის, მათი წვლილი ინვესტიციებში დაახლოებით 2%-მდეა. ქვეყანაში ახალი ინვესტიციები, პრაქტიკულად, აღარ შემოდის.
“ხელისუფლება ცდილობს საქართველოს მოსახლეობას შეუქმნას მოლოდინი, რომ ევროპული და აშშ დახმარებები და ევროკავშირისკენ, როგორც კეთილდღეობისკენ, სოციალური სამართლიანობისკენ და კანონის უზენაესობისკენ სწრაფვა შესაძლოა ჩანაცვლდეს აღმოსავლური ინვესტიციებით. ამ მცდელობის ერთ-ერთი მაგალითი იყო 2025 წლის დასაწყისში დაანონსებული ინვესტიციების ბუმი არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან (UEA) – 6 მილიარდიანი საინვესტიციო დაპირება.
2025 წლის იანვარ – თებერვალში განსაკუთრებული ინტენსიობით მიმდინარეობდა შეხვედრები ქვეყნების ხელისუფლებებს შორის, 2025 წლის იანვარში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა აბუ-დაბიში, სადაც შეხვდა UAE-ის პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანს. ამ დროს გაფორმდა მემორანდუმი კომპანია Emaar Properties / Eagle Hills-თან, რომელსაც ხელისუფლებამ „საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ინვესტიცია“ უწოდა – დაახლოებით 6 მილიარდი დოლარის ღირებულებით. ამავე ვიზიტის დროს კობახიძე შეხვდა Abu Dhabi Ports Group-ის ხელმძღვანელობას. განხილვის მთავარი თემა იყო თბილისის მშრალი პორტის (Tbilisi Dry Port) პროექტი და შუა დერეფნის განვითარება.
ამასთან, შეთანხმებები „კონფიდენციალურია“ და ამ კონფიდენციალურობის ქვეშ ასობით ჰექტარი მიწის გადაცემა ხდება ე.წ ინვესტორი კომპანიებისთვის; არაერთხელ დაიწერა ასევე საეჭვო სქემებზე, რომელიც რეალურად ქვეყანაში ახალი ინვესტიციის დაბანდებას არ გულისხმობს და მნიშვნელოვან კორუფციულ ეჭვებს აღძრავს.“– წერს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი და კონკრეტული ციფრებიც მოჰყავს იმასთან დაკავშირებით, მოხდა თუ არა საინვესტიციო ხელშეკრულებების ხელმოწერის პირველ წელს საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ინვესტიციების დაბანდება.
ცენტრის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოში არაბთა გაერთანებული საამიროებიდან შემოსულია სულ 27,3 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტიცია, რაც დაპირებულ ინვესტიციებთან მიზერი, წლის საერთო ინვესტიციებთან მიმართებაში კი სულ 2%ის ფარგლებშია.
არც 2025 წელს და არც 2026 წლის პირველ თვეებში არაბთა გაერთიანებული საამიროები ინვესტორთა ყველაზე მსხვილ 10-ეულში არ ყოფილან.
“ზოგადად, საკმაოდ საინტერესოა ინვესტიციების წარმოშობა – 2025 წლის მაჩვენებლებით, საქართველოს უმხვილეს ინვესტორებს შორის იყვნენ დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, მალტა, აშშ, აზერბაიჯანი, ნიდერლანდები, ესპანეთი, რუსეთი, ისრაელი, გერმანია; აქედან, მაგალითად FDI-ის მინიმუმ 15.7% მოდიოდა მალტასა და ნიდერლანდებზე, რომლებიც საერთაშორისო პრაქტიკაში ხშირად გამოიყენება, როგორც დაბალი გადასახადების მქონე ან სატრანზიტო საინვესტიციო ჰაბები. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ასეთი ინვესტიცია საეჭვოა, მაგრამ აჩენს გამჭვირვალობის რისკს: ოფიციალურ სტატისტიკაში ინვესტორის ქვეყნად შეიძლება ჩანდეს მალტა ან ნიდერლანდები, მაშინ როცა კაპიტალის საბოლოო მფლობელი სხვა ქვეყნიდან იყოს.
განსაკუთრებით მნიშნელოვანია ის ფაქტი, რომ ინვესტიციების 83 %-მდე არის რეინვესტიცია, რაც ნიშნავს რომ ისევ საქართველოში ოპერირებადი კომპანიები აბრუნებენ საკუთარ ბიზნესში თანხას და ახალი ინვესტიციების, შესაბამისად ახალი სამუშაო ადგილების გენერირება და ეკონომიკაში ახალი კომპანიების წაროქმნა- განვითარება არ ხდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ტოპ საინვესტიციო ათეულის სათავეში მყოფ დიდ ბრიტანეთში საფონდო ბირჟაზე გასულია 2 ყველაზე მსხვილი ქართული ბანკი – TBC და საქართველოს ბანკი. შესაბამისად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სწორედ მათი თანხებია ამ ინვესტიციების წამყვან ადგილზე.
მარტივად ეს ნიშნავს, რომ ხმამაღალი განცხადებების მიღმა, საქართველოში ახალი ინვესტიციების მოზიდვა, რეალურად არ ხდება და დაპირებები, რომელიც არაერთხელ გაიცა, მათ შორის ამ ბოლო დროს შუა აზის ქვეყნების კონტექტში, ხშირად უბრალოს პოლიტ-ეკონომიკური „ბლეფია“. წერს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი.















