“ქართული ოცნების” მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის თქმით, ქართული მხარე „მოთმინებით ელოდება“ ამერიკული მხარის შემხვედრ ნაბიჯებს.
„ვინარჩუნებთ ოპტიმისტურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა საქართველოსა და აშშ-ს შორის. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ამერიკელ პარტნიორებთან. იმედია, რომ ჩვენ ვიხილავთ შემხვედრ ნაბიჯებს, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას. ეს არის ჩვენი ამოცანა და მოთმინებით ველოდებით ამერიკული მხარის შემხვედრ ნაბიჯებს“–თქვა ჟურნალისტების კითხვის პასუხად კობახიძემ. მანამდე მან უპასუხა კითხვას კონგრესმენ ჯო უილსონის განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც აღშფოთებულია საქართველოში გამოხატვისთვის ადამიანების დაკავების გამო:
“ამერიკის წინა ადმინისტრაცია პირდაპირ იყო უხეშად ჩართული საქართველოში სიძულვილის ხელოვნურად გაღვივებაში. ჩვენ ამას დავუპირისპირდებით, შესაბამისად, არ გვაინტერესებს, რას იტყვის „დიფ სთეითის“ კიდევ ერთი აგენტი ჯო უილსონი. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც სჭირდება ჩვენს საზოგადოებას“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
31 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მუდმივ ხასიათს მიანიჭებს სავიზო დეპოზიტის პროგრამას, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა განმცხადებლებს 50 ქვეყნიდან, ძირითადად აფრიკიდან, აშშ-ის ვიზაზე განაცხადის შეტანისას 20 000 აშშ დოლარამდე დეპოზიტის გადახდა მოეთხოვოთ.















