უკრაინის ელჩმა დიდ ბრიტანეთში და უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განმარტა თავისი განცხადება, რომლის მიხედვითაც, კიევი ნატოში „ვერასოდეს გაწევრიანდება“.
ზალუჟნის თქმით, ის ნატოს მხარდამჭერია, თუმცა მიიჩნევს,ამჟამად ალიანსი უკრაინას ტექნოლოგიურად ჩამორჩება და განახლებას საჭიროებს.
ამის შესახებ მან ოთხშაბათს, 5 აგვისტოს, კიევში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, როდესაც განმარტავდა საკუთარ სიტყვებს უკრაინის ნატოში გაწევრიანების შეუძლებლობისა და ახალი ალიანსების მოძიების აუცილებლობის შესახებ.
ზალუჟნიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2019 წელს უკრაინის შეიარაღებული ძალების ნატოს სტანდარტებზე გადასვლის მთავარი მხარდამჭერი იყო და თავად მუშაობდა ამ რეფორმაზე.
„იმდენი მტერი შევიძინე, ვერც კი წარმოიდგენთ. მე ნატოს მომხრე ვარ“, — განაცხადა უკრაინის ელჩმა ლონდონში.
ამასთან, მისი შეფასებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი კვლავ „მეორე მსოფლიო ომის მიწურულის დოქტრინაში იმყოფება“, მაშინ როდესაც უკრაინის შეიარაღებული ძალები მას უკვე ტექნოლოგიურად უსწრებენ.
„სამეცნიერო-ტექნიკურმა პროგრესმა და მიმდინარე ომმა უკრაინის შეიარაღებული ძალები სრულიად სხვა დონეზე აიყვანა. ახლა ნატოს სხვა გზა აღარ აქვს — ის სრულიად განსხვავებულ სტანდარტებზე უნდა გადავიდეს, რათა აბსოლუტურად ახალი დოქტრინა შეიმუშაოს. სწორედ ამის შემდეგ იქნება ნატო მზად უკრაინის გასაწევრიანებლად“, — განაცხადა ზალუჟნიმ.
მისივე თქმით, ის რეგულარულად ესწრება დიდ ბრიტანეთში გამართულ ნატოს სამეთაურო-საშტაბო წვრთნებს, რათა უკეთ გაეცნოს ალიანსის საბრძოლო მოქმედებების კულტურასა და ფილოსოფიას.
ზალუჟნიმ პერსპექტიული ალიანსის მაგალითად JEF დაასახელა
გენერალმა გაიმეორა მოსაზრება, რომ კიევს სჭირდება „სრულიად ახალი ძალოვანი ბლოკი, რომელიც, სავარაუდოდ, ევროპაში კონკრეტულ ტერიტორიასთან იქნება დაკავშირებული“.
ასეთი გაერთიანების მაგალითად მან გაერთიანებული საექსპედიციო ძალები — Joint Expeditionary Force, JEF — დაასახელა. მის შემადგენლობაში შედიან დიდი ბრიტანეთის, დანიის, ფინეთის, ესტონეთის, ისლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდების, შვედეთისა და ნორვეგიის შეიარაღებული ძალები.
აპრილში ლონდონმა JEF-ის ბაზაზე „ჩრდილოეთის ფლოტების“ ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადა, რომლის ერთ-ერთი მიზანიც რუსეთის შეკავებაა.



