პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ, შპს ,,ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების განცხადებების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო. საგამოძიებო უწყების ინფორმაციის თანახმად, ,,ბიტექსჩეინჯის“ მიერ წარდგენილი განცხადებების და აუდიო ჩანაწერების თანახმად, ყეინიშვილი ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში, უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებულ საწარმოების ქსელს და საკუთარი ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას ეროვნული ბანკის რეგულაციას დაქვემდებარებული საწარმოს წილში შესვლითაც ცდილობდა.
„საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, ეროვნული ბანკიდან გადმოგზავნილი შპს ,,ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების განცხადებების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით გამოძიება დაიწყო, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას გულისხმობს.
შპს ,,ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი განცხადებების და მასზე დართული აუდიო ჩანაწერების თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში, უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც რეგისტრირებულია მისი ოჯახის წევრის და მასთან აფილირებული პირების სახელზე. ამავე განცხადებების თანახმად, ნანა ყეინიშვილი ასევე, ცდილობდა ეროვნული ბანკის რეგულაციას დაქვემდებარებული საწარმოს წილში შესვლას და ამ გზით საკუთარი ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას.
გასათვალისწინებელია, რომ ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს არა აქვს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება, ასევე ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს და მისი ოჯახის წევრებს არა აქვთ უფლება, იყვნენ საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის პარტნიორი.
ამდენად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობის გარემოებების შესწავლა და გამოძიების შედეგების შესახებ, საზოგადოებას ეცნობება დამატებით! – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ნანა ყეინიშვილი 2023 წლიდან არის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი. ის 2012-2016 წლებში „ქართული ოცნების“ დეპუტატიც იყო და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტი ეკავა.


