ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშკიანმა საქართველოსთან ურთიერთობების განსამტკიცებლად მკაფიო ჩარჩოები და დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა მოითხოვა – ამის შესახებ ნათქვამია ირანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც ერევანში, მასუდ ფეზეშქიანისა და ირაკლი კობახიძის შეხვედრას ეხება. შეხვედრა გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის ლიდერთა სამიტის ფარგლებში შედგა.
ფეზეშქიანის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კობახიძესთან შეხვედრაზე პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის მზარდი ეკონომიკური, კულტურული და ტურისტული კავშირების პრაქტიკულ თანამშრომლობაში გადაყვანის აუცილებლობას.
„ირანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თეირანსა და თბილისს სჭირდებათ გამჭვირვალე ჩარჩოები და გრაფიკი ერთობლივი ინიციატივების განსახორციელებლად. მან დასძინა, რომ ორივე მხარემ უნდა იმუშაოს ორმხრივი ჩართულობის კონკრეტული გზებით გაფართოებაზე.
ირანის წინააღმდეგ დაწესებულ აშშ-ის სანქციებზე საუბრისას, პრეზიდენტმა ფეზეშქიანმა ეს ზომები ჰუმანიტარული პრინციპების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებად შეაფასა, ირანზე განხორციელებულ ბოლოდროინდელ თავდასხმებს კი გაუმართლებელი და არაადამიანური ნაბიჯები უწოდა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას არ ცდილობს და უარყო ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ცრუ პროპაგანდა. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ირანი ყოველთვის მზადაა დიალოგისთვის, თუმცა ზეწოლას არ დაემორჩილება.
თავის მხრივ, კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო მეზობელი ქვეყნების მიმართ მკაფიო პოზიციას ინარჩუნებს და ეწინააღმდეგება მათ საშინაო საქმეებში ნებისმიერ გარე ჩარევას.
ორი ქვეყნის გეოგრაფიულ და კულტურულ კავშირებზე მითითებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ორმხრივი ურთიერთობები მეგობრობასა და თანამშრომლობას უნდა ეფუძნებოდეს.
მან იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებსა და დიპლომატიურ სამსახურებს შორის კოორდინაცია ხელს შეუწყობს ეკონომიკური თანამშრომლობისა და ტურიზმის სფეროებში საერთო ინტერესების გამოკვეთას“ – ნათქვამია ირანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
„ირანი ბირთვულ იარაღს არ ქმნის, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ დესტრუქციულ პროპაგანდას კი სიცრუედ მივიჩნევთ… ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით დიალოგისთვის. მეორე მხარე ფიქრობს, რომ შეუძლია მუხლებზე დაგვაჩოქოს, მაგრამ ჩვენ ძალას არ დავემორჩილებით“ – ციტირებს ამ შეხვედრიდან ფეზეშქიანს ირანული მედია.
კობახიძე-ფეზეშქიანის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ირაკლი კობახიძის ადმინისტრაციამაც, რომლის თანახმადაც:
„შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს. აღინიშნა პოზიტიური თანამშრომლობა ტურიზმის მიმართულებით. ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დიალოგისა და დიპლომატიური ძალისხმევის განსაკუთრებულ მნიშვნელობას დეესკალაციისა და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფისთვის“ – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.


