თურქული საინფორმაციო პორტალის, Haberler.com-ისა და გამოცემა Türkiye Gazetesi-ს ცნობით, ბათუმში გამართული „ბეშიქთაში“-„ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს მომხდარი ინციდენტების შემდეგ დაკავებული თურქეთის მოქალაქეების თითქმის სრული უმრავლესობა გათავისუფლებულია.
როგორც თურქული მედია იუწყება, შედეგი თბილისში თურქეთის საელჩოსა და ბათუმის გენერალური საკონსულოს დიპლომატიურმა ინიციატივებმა გამოიღო. გარდა ამისა, გამოცემების ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად საავადმყოფოში მოხვედრილი თურქეთის ორი მოქალაქე კლინიკიდან ბათუმის გენერალური საკონსულოს თანამშრომლების მეთვალყურეობის ქვეშ უკვე გაწერეს.
ამასთან, „ბეშიქთაშმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ უსაფრთხოების ძალების მხრიდან გულშემატკივრების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო შესაბამისი პროცედურები დაიწყო UEFA-ში.
გამოცემები BBC Sport და AFP ციტირებენ კლუბის ოფიციალურ განცხადებას, რომლის მიხედვითაც „ბეშიქთაშმა“ ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში საჩივარი უკვე შეიტანა.
თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამაც თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ პასუხისმგებელი პირების გამოსავლენად და სანქციების დასაკისრებლად ყველა საჭირო ზომას მიმართავს ეროვნულ და საერთაშორისო პლატფორმებზე, პირველ რიგში კი UEFA-ს წინაშე.


