ბათუმში გამართული ევროპა ლიგის მატჩი თურქულ „ბეშიქთაშსა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ შორის მწვავე დაპირისპირებისა და დიპლომატიური კონტაქტების მიზეზი გახდა. განვითარებულ მოვლენებს თურქეთის მმართველი პარტიისა და საფეხბურთო კლუბების მწვავე კრიტიკა, ასევე საქართველოსა და თურქეთის მინისტრებს შორის სატელეფონო კომუნიკაცია მოჰყვა.
ევროპის ლიგის მატჩის გამო ბათუმში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იყო მიღებული თუმცა, თურქეთიდან ჩამოსულ გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება ჯერ ქუჩაში, შემდეგ კი სტადიონზეც მოხდა.
საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, სტადიონამდე მსვლელობისას „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა ნაწილის აგრესიას, უცენზურო შეძახილებსა და საგნების სროლას პოლიციის რეაგირება მოყვა, თუმცა ისინი არ ემორჩილებოდნენ კანონიერ მოთხოვნებს, წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს და ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ მათ. ძალადობრივი და პროვოკაციული ქმედებები სტადიონის ტერიტორიაზეც გაგრძელდა. გულშემატკივრები აზიანებდნენ სკამებს, რომლებსაც შემდგომ სამართალდამცველებს ესროდნენ. პოლიციამ ამ ყველაფრის აღსაკვეთად შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის სპეციალური საშუალებაც გამოიყენა. შსს-ს ცნობით, გულშემატკივართა ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავებულია შსს-ს 3 თანამშრომელი, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის კი 16 პირია დაკავებული. ამასთან, უწყება უარყოფს ინფორმაციას, თითქოსდა, პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება პალესტინის მხარდამჭერი დროშებისა და ბანერების გამოფენას უკავშირდებოდა.
ბათუმში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი შედგა საქართველოსა და თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრებს შორისაც. სულხან თამაზაშვილმა მუსტაფა ჩიფთჩის განუცხადა, რომ ქართულ მხარეს სურს, განვითარებული მოვლენების შემდეგ ყველაფერი კარგად დამთავრდეს და ამისთვის მაქსიმალურად ცდილობენ სიტუაციის დამშვიდებას.
„ძალიან გვინდა გთხოვოთ ჩვენს კოლეგებს საქართველოში, ისინი იქ სტუმრად არიან საქართველოში და შეძლებისდაგვარად კარგად მოეპყრონ და კარგად დასრულდეს ეს მატჩი და ყველაფერმა კარგად ჩაიაროს“, – განაცხადა თურქეთის შს მინისტრმა.
პარალელურად, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში წყაროებზე დაყრდნობით თურქულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი ქართველ კოლეგას, მაკა ბოჭორიშვილს ტელეფონით ესაუბრა.
მომხდარს მკაცრი შეფასებები მოჰყვა თურქეთის მმართველი პარტიიდან. რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიამ საქართველოს პოლიციის ქმედებები გააკრიტიკა. მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ და პრესსპიკერმა ომერ ჩელიქმა განაცხადა, რომ პალესტინის დროშის გამო „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების წინააღმდეგ განხორციელებული ჩარევა და ძალადობა „მიუღებელია“.
„ბეშიქთაშს“ სოლიდარობა გამოუცხადეს თურქულმა საფეხბურთო კლუბებმაც. თურქეთის სახელმწიფო სააგენტო Anadolu-ს ცნობით, „გალათასარაიმ“ და კიდევ 5-მა თურქულმა კლუბმა მხარდამჭერი განცხადებები გაავრცელეს და ბათუმში „ბეშიქთაშის“ ქომაგების წინააღმდეგ „პოლიციის არაპროპორციული ჩარევა“ დაგმეს.
თურქეთის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა ოსმან აშქინ ბაქიმ კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გმობს „ბეშიქთაშის” გულშემატკივრების წინააღმდეგ „უსაფრთხოების ძალების მიერ არაპროპორციულ ჩარევას“.


