ევროპარლამენტის რეზოლუციას დაემატა შესწორება მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძის, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიასა და მზია ამაღლობელის, აგრეთვე პატიმრობაში მყოფი ყველა მშვიდობიანი მომიტინგის გათავისუფლების შესახებ.
თავდაპირველ პროექტში მოთხოვნილი იყო, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, ყველა პოლიტიკური პატიმრისა და უკანონოდ დაკავებული პირის გათავისუფლება, თუმცა სახელობითად მოხსენიებული იყვნენ მხოლოდ პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე და პაატა მანჯგალაძე. ევროპარლამენტი „სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს ხელისუფლებას მათ სიცოცხლეზე, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე. მოითხოვს დაკავებულებს დაუყოვნებლივ მიეცეთ დამოუკიდებელ ექიმებთან შეუფერხებელი წვდომის შესაძლებლობა“.
რეზოლუციით მოთხოვნილია, ევროპარლამენტის წევრებს მიეცეთ დაკავებულებთან დაუბრკოლებელი წვდომა, დაკავებულთა სიცოცხლეზე, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე კი სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს ხელისუფლებას.
კიდევ ერთი შესწორებით გამკაცრდა ჩანაწერი სანქციების თაობაზე. პარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილს, კახა კალაძესა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს, აგრეთვე მოსამართლეებს, პროკურორებსა და სამართალდამცავი ორგანოების თანამდებობის პირებს დაუწესოს მიზნობრივი სანქციები, რაც მოიცავს აქტივების გაყინვასა და ევროკავშირში შესვლისა და ტრანზიტის აკრძალვას.
რეზოლუცია, რომელიც არასავალდებულო ხასიათს ატარებს, ევროპარლამენტმა 441 ხმით მიიღო.
რეზოლუციაში შესწორება შევიდა სანქციებთან დაკავშირებით.
ევროპარლამენტი „მოუწოდებს ევროკავშირს შეინარჩუნოს კოორდინირებული პასუხი და კიდევ ერთხელ მოითხოვს მიზნობრივი სანქციების დაწესებას, მათ შორის, აქტივების გაყინვასა და ევროკავშირში შესვლისა თუ ტრანზიტის აკრძალვას, დემოკრატიულ უკუსვლაზე, კანონის უზენაესობის შელახვასა და ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, კახა კალაძისა და სხვა მაღალჩინოსნების, ასევე მოსამართლეების, პროკურორებისა და სამართალდამცავი ორგანოების ოფიციალური პირების წინააღმდეგ“.
დღეს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეზოლუცია – „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“ – 441 ხმით 47-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს.


