“3 ტელევიზიაში შავი ფული ტრიალებს” – რას ამბობდა კობახიძე 2 კვირის წინ

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 14 ივლისს რუსთავი 2-ის ეთერში თქვა, რომ 3 კრიტიკულ ტელევიზიაში, ფორმულაში, მთავარ არხსა და ტვ პირველში “შავი ფული ტრიალებს”, რაც კანონდარღვევაა და გამოსაძიებელია.

“2012 წლიდან მოყოლებული ძირითადად 3 პარტიულ ტელევიზიებზე ჯამში არის ასეულობით მილიონი ინვესტირებული და დახარჯული კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან. დღეს ისინი პასუხს სთხოვენ ამ ე.წ. მედიამენეჯერებს. ეს არის შავი ფული, გამოსაძიებელია, შავი ფული ტრიალებს ამ 3 ტელევიზიაში. მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვამტკიცო, რომ ყოველწლიურად ამ ტელევიზიებზე ათეულობით მილიონი შავი ფული იხარჯება. ერთია კანონის დარღვევა, რასაც აკეთებენ, მეორეა, რომ ესენი არიან პარტიული ტელევიზიები”,– განაცხადა კობახიძემ.

დღეს მთავარი არხის გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახური შევიდა. ნიკა გვარამიას თქმით, ეს გეგმური შემოწმება არ არის, რაც მიუთითებს, რომ უწყება კობახიძის ბრძანებას ასრულებს. მისივე თქმით, სხვა კრიტიკულ მედიასაშუალებებსაც სავარაუდოდ იგივე ელოდებათ.