ჩვენს გაყიდვების სახლში შევიდა საგადასახადო სამსახური – გვარამია

მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ ტელევიზიის გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახური შევიდა.

“ვიდრე ჩვენ აქ ვიხილავთ მედიაზე ზეწოლის, ძალადობის, ცენზურის ფაქტებს, მომივიდა შეტყობინება რომ საგადასახადო ინპექცია, საგადასახადო სამსახური შევიდა ჩვენი გაყიდვების სახლში, ეტყობა, ჯერ ტელევიზიაში ვერ გაბედეს. გაყიდვების სახლში შესვლა იდენტურია ტელევიზიაში შემოსვლის, იმიტომ რომ ჩვენი შემოსავალი ეს არის. მაყურებელს რომ ესმოდეს, ვინც ჩვენს რეკლამას ყიდის, იმ სახლში შევიდნენ. იქ რომ რამე დააყადაღონ, ნიშნავს, რომ ჩვენთან შემოსავალი ვერ შემოვა”,– ამბობს გვარამია.

მისივე განცხადებით, მთავარი არხი გადასახადებს იხდის და არანაირი დარღვევა არ აქვს.

“შეგვპირდა ბატონი კობახიძე, რომ გამოსაკვლევია ყველა მედიის დაფინანსებაო, გასცა ბრძანება და ბრძანება სრულდება. მე ეჭვი მაქვს, რომ სხვა მედიებსაც იგივე ელოდებათ. ეს ინფორმაცია ჩვენ გვქონდა მანამდეც. ველოდებით ახლა საგადასახადო პოლიციას და მერე პროკურატურას. რაღა უნდა მოხდეს მედიის თავს, რომ ადამიანებმა გააცნობიერონ, რომ ამ ქვეყანაში მთავრდება სიტყვის მთქმელი ადამიანების სამუშაო”,– აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, 14 ივლისს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ კრიტიკულ 3 ტელევიზიაში “შავი ფული” ტრიალებს, რაც, მისი აზრით, გამოსაძიებელია.