3 ტელევიზიაში შავი ფული ტრიალებს, გამოსაძიებელია, კანონის დარღვევაა – კობახიძე

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ კრიტიკულ 3 ტელევიზიაში “შავი ფული” ტრიალებს, რაც, მისი აზრით, გამოსაძიებელია.

“2012 წლიდან მოყოლებული ძირითადად 3 პარტიულ ტელევიზიებზე ჯამში არის ასეულობით მილიონი ინვესტირებული და დახარჯული კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან. დღეს ისინი პასუხს სთხოვენ ამ ე.წ. მედიამენეჯერებს. ეს არის შავი ფული, გამოსაძიებელია, შავი ფული ტრიალებს ამ 3 ტელევიზიაში. მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვამტკიცო, რომ ყოველწლიურად ამ ტელევიზიებზე ათეულობით მილიონი შავი ფული იხარჯება. ერთია კანონის დარღვევა, რასაც აკეთებენ, მეორეა, რომ ესენი არიან პარტიული ტელევიზიები”,– ამბობს კობახიძე რუსთავი 2-ის ეთერში.

მისივე განცხადებით, მედიამენეჯერები ვერ ასრულებენ “არჩევნების მოგების ან გადატრიალების დაკვეთას”, რის გამოც მათი პასუხისმგებლობა “ინვესტორის” მიმართ იზრდება.

“ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც მოხდა ამ ადამიანების სრული ლუსტრაცია. დღეს უკვე ღიად გამოდიან პოლიტიკური მესიჯებით და ღიად პოზიციონერებენ, როგორც პარტიული ტელევიზიები, ეს ძალიან კარგია”,– ირწმუნება კობახიძე.