საერთაშირისო გამჭვირვალობა საქართველომ ყოფილი მაღალჩინოსნების კორუფციის ფაქტების გამოვლენის შესახებ განცხადება გააკეთა.
“ბოლო პერიოდში ქართული ოცნებისპროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოფილი მაღალჩინოსნების კორუფციაზე ალაპარაკდნენ და ყოველდღიურად აწვდიან საზოგადოებას ინფორმაციას ყოფილი პრემიერმინისტრის, სუს-ის ყოფილი უფროსის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის და მათთან დაკავშირებული პირების მიერ მილიონობით დოლარის ღირებულების ქონების გადამალვის, უკანონოდ გამდიდრების, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის და სხვა ფაქტებთან დაკავშირებით. წლების განმავლობაში, როდესაც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო და საგამოძიებო მედია საუბრობდა ელიტურ კორუფციაზე, ამას ქართული ოცნებაუარყოფდა და სიცრუეს უწოდებდა, თუმცა ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში მათ მოუწიათ ამის აღიარება. კორუფციის დაფარვაში წლებია ჩართულები არიან საგამოძიებო უწყებები, პროკურორები, მოსამართლეები, სუს-ისა და ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლები. სინამდვილეში, ელიტურ კორუფციას მასიური ხასიათი ჰქონდა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ ბოლო 5 წლის განმავლობაში აღრიცხა ელიტური კორუფციის 250 შემთხვევა, სადაც 221 მაღალი თანამდებობის პირი ფიგურირებს, მათ შორის 38 მინისტრი ან მინისტრის მოადგილე, 40 დეპუტატი, 17 მოსამართლე და 67 მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსანი. ჩვენ წარმოგიდგენთ კორუფციულ სქემებს, რასაც იყენებდნენ ეს მაღალჩინოსნები იმისთვის, რომ გამდიდრებულიყვნენ:
საბიუჯეტო სახსრების მითვისება სახელმწიფო შესყიდვების მეშვეობით
5 მილიარდი ლარი არის ის თანხა, რაც მხოლოდ ჩვენი გამოძიებებით ქართული ოცნების ჩინოვნიკებმა კორუფციული სახელმწიფო შესყიდვების გზით მიიღეს. აქედან 3.3 მილიარდი მოდის რეგიონებზე. ამ თანხის მესამედი კი, 1 მილიარდ 130 მილიონი ლარი მოდის 2024 წელზე, როცა პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე იყო. მხოლოდ რამდენიმე შემთხვევას გაგახსენებთ:
- 650 მილიონი ლარი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნესმენის, ოთარ თათეშვილის კომპანიამ მიიღო;
- 390 მილიონი ლარის ტენდერები მიიღეს ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავებმა, მასთან დაკავშრებულმა კომპანიამ სერპატიმმა;
- 392 მილიონი ლარის ტენდერები მიიღო ქართული ოცნების დეპუტატ, გიორგი ჭყონიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა;
- 30 მილიონი ლარის ტენდერები მიიღო ქართული ოცნების დეპუტატ, ანზორ ბოლქვაძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა;
- 25 მილიონი ლარი მიიღეს ქართული ოცნების დეპუტატ, ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა;
- 32 მილიონი ლარი სენაკის მერის, ვახტანგ გადელიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა.
სუბსიდიების, აგროპროგრამებისა და ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამებით გამდიდრების კორუფციული სქემები:
71 მილიონი ლარი ქართული ოცნებისშემომწირველმა კომპანიებმა მიიღეს აგროპროგრამებიდან, რომლებმაც ასევე, ამავდროულად 7.7 მილიონი ლარი დაუბრუნეს ქართულ ოცნებას პარტიაში შემოწირულობის სახით.
- ამ თანხის დიდი ნაწილი, 56 მილიონი ლარი, ერთ ადამიანზე, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორზე ვახტანგ კარიჭაშვილზე მოდის;
- 30 მილიონი ლარი 2022 წელს რთველის სუბსიდიების პროგრამებიდან მიიღეს კომპანიებმა, რომლებიც დაკავშირებულები არიან ქართულ ოცნებასთან;
- 7.4 მილიონი ლარი მიიღეს “აწარმოე საქართველოს” პროგრამებიდან კომპანიებმა, რომლებმაც შემდეგ 1.6 მილიონი ლარი დაუბრუნეს ქართულ ოცნებას შემოწირულობის სახით.
ეგრეთწოდებული ატკატების სქემა, მმართველი პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებული კორუფციული სქემები.
1 მილიარდ 28 მილიონი ლარის სახელმწიფო შესყიდვები მიიღეს იმ კომპანიებმა, რომლებმაც 2020-2024 წლებში ქართულ ოცნებას შესწირეს 7 მილიონი ლარი.
ლიცენზიები, ნებართვები გავლენიანი პირებისთვის – ესეც არის კორუფციული სქემა.
მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობის ნებართვების დიდი ნაწილი კორუფციული გზით არის დარიგებული.
- მხოლოდ 29 ასეთი ნებართვა ბიძინა ივანიშვილის ნათესავზე, ბიზნესმენ კოკა კოკოლაშვილზე მოდის;
- ასევე ამ ჰესების ნებართვებს იღებენ დავით სონღულაშვილის ოჯახთან დაკავშირებული პირები.
სახელმწიფო ქონების ხელში ჩაგდება პრივატიზაციის ან იჯარის გზით.
ირაკლი ღარიბაშვილს და დავით ნარმანიას შემთხვევები ყველას კარგად გვახსოვს და ეს იმაზე მიუთითებს, რომ ასეთ სქემებს და ასეთ შემთხვევებს აქვს ადგილი.
- 2013-2020 წლებში სახელმწიფო ქონება 13 მილიონ ლარად გაიყიდა ისეთ პირებზე, რომლებმაც ქონების მიღების შემდეგ, მალევე 2 მილიონი ლარი შესწირეს ქართულ ოცნებას;
- მხოლოდ აჭარაში 15 მილიონ ლარზე მეტი ქონება მიიღეს, პრივატიზაციის სახით ქართული ოცნებისშემომწირველებმა.
დღემდე დამალულია 2021-2023 წლებში მთავრობის მიერ მიღებული 300-ზე მეტი განკარგულება, რაც სახელმწიფო ქონების პირდაპირი წესით ხშირად სიმბოლურ 1 ლარად გადაცემას ეხებოდა.
ასევე ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც სპეციალურად იღებენ კანონებს იმისთვის, რომ კონკრეტული პირები გამდიდრდნენ ან არ გადაიხადონ გადასახადები. ასეთი შემთხვევა უკავშირდება ეგრეთწოდებული ოფშორების კანონს, სადაც სახელმწიფო ბიუჯეტმა ზიანის სახით, დაახლოებით, 100 მილიონი დოლარი მიიღო.” – თქვა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ ბრიფინგზე.















