ქალსა და კაცს შორის ურთიერთობა მარადიული და ამოუწურავი თემაა. ამ ურთიერთობებზე ბევრი ირაციონალური მექანიზმი და კულტურული კოდი ახდენს გავლენას, რომლებიც ერთ ადგილზე გაყინული არ არის და მუდმივად იცვლება. ის, რაც 10 წლის წინ ხალხურ სიბრძნედ ითვლებოდა, ახლა უკვე ფსევდოჭეშმარიტებაა. ჩამოგითვლით ხუთ სტერეოტიპს ქალისა და კაცის ურთიერთობის შესახებ, რომლებიც აღარ მუშაობს:
ქალის ძალა მის სისუსტეშია
ჯერ კიდევ შექსპირი და დიუმა ამბობდნენ, რომ ქალის ძალა მის სისუსტეშია. იგულისხმებოდა ის, რომ ამ ძალის გამოყენებით ქალი მამაკაცში მფარველის და დამცველის თვისებებს აღვივებდა და ამ გზით შექმნაც შეეძლო და ნგრევაც. სინამდვილეში ქალის ძალა მამაკაცთან მიმართებაში მის სინაზეში, გამგებიანობაში, მგრძნობიარობაშია და არა უმწეობაში და დაუცველობაში.
ურთიეთრობები ეს არის მძიმე შრომა
არ არსებობს იმაზე უსარგებლო შრომა, ვიდრე პარტნიორის გადაკეთება და მისი შენარჩუნებისთვის ბრძოლაა. (ახალი ადამიანის ჩვევებთან შეგუება და პარტნიორულ ურთიერთობებში კომპრომისის ძებნა სულ სხვა თემაა). თუ ურთიერთობები მძიმეა, ესეიგი არასწორ გზაზე დგახართ. პარტნიორთან ურთიერთობა არ უნდა გამძიმებდეთ. წყვილის ურთიერთობის არსი ხომ სწორედ ის უნდა იყოს, რომ ერთმანეთი გააბედნიერონ, ერთმანეთს ცხოვრება გაუადვილონ და არა გაურთულონ. არ არის საჭირო ჩაკეტილ კარზე ბრახუნი, თუ ის უბრალოდ შეგეშალათ.
მამაკაცებს ენმწარე და თავხედი ქალები მოსწონთ
ეს სტერეოტიპი შეგიძლიათ დაივიწყოთ. სიმართლე რომ ვთქვათ, ეს აზრი ყოველთვის მცდარი იყო. არავის უნდა კონფლიქტურ და ისტერიულ ქალთან ურთიერთობა. შესაძლოა, ოდესღაც “სიავე“ ვიღაცამ ტემპერამენტიანობის სინონიმად ჩათვალა და ეს მცდარი წარმოდგენაც აქედან გაჩნდა. მართალია, მამაკაცების ინტერესს მართლაც იწვევენ თამამი გოგონები, რომლებსაც თავისუფლად შეუძლიათ საკუთარი გრძნობების გამოხატვა და მაღალი თვითშეფასება აქვთ, მაგრამ გონივრული ზღვრის ფარგლებში. რა თქმა უნდა, მორცხვ და დაკომპლექსებულ ქალებს პარტნიორის მოძებნა უფრო გაუჭირდებათ, თუმცა ამის საპირწონედ მეტისმეტად თავხედი ქალი არ გამოდგება.
მამაკაცებს ძლიერი ქალების ეშინიათ
თანამედროვე საზოგადოებაში ეს მოსაზრებაც აღარ არის აქტუალური. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ძლიერი ქალების სუსტ მამაკაცებს ეშინიათ. გავლენიან და ძლიერ კაცებს კი აღარ სჭირდებათ სათუთი ფერიები ცხოვრების თანამგზავრად და სულ უფრო ხშირად აკეთებენ არჩევანს განვითარებულ და თავდაჯერებულ ქალებზე. ამბიციურ და წარმატებულ მამაკაცებს გვერდით ღირსეული პარტნიორი ჭირდებათ და არა თოჯინა.
ყველა ქალი გათხოვებაზე ოცნებობს
სტერეოტიპი, რომ ქალის ცხოვრების მთავარი მიზანი გათხოვებაა, სხვადასხვა ინსტიტუციების თუ ინდუსტრიების მიერ არის გამყარებული. თუმცა 21–ე საუკუნეში ქალების მთავარი ოცნება სულ უფრო ნაკლებად არის ოფიციალური ცერემონიები და გათხოვება. თანამედროვე ქალების პრიორიტეტებში გათხოვებაზე წინ თვითრეალიზაცია, წარმატებული კარიერა, ფინანსური დამოუკიდებლობა და კომფორტული ცხოვრება ჩაიწერა.