80 წლის ინფიცირებული ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, მართვით სუნთქვაზეა- რატიანი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის თქმით, თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან გადაყვანილი კორონავირუსით ინფიცირებული 80 წლის ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზეა.

„ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. შემოყვანისთანავე გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე. სახეზეა COVID 19-ით ინფიცირების შემთხვევა, პლუს ორმხრივი მწვავე პნევმონია. ანამნეზში ამ ქალბატონთან არის გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია. პაციენტს ჩაუტარდა წინასწარი კვლევები“, – აცხადებს რატიანი.

მისივე ინფორმაციით, ამჟამად საუნივერსიტეტო კლინიკაში 4 კრიტიკული პაციენტია.

„ამ ეტაპზე კლინიკაში წევს 64 პაციენტი, აქედან 34 ინფიცირებული შემთხვევაა და დანარჩენებთან გამოკვლევის პასუხებს ველოდებით. კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში ამ ეტაპზე 4 კრიტიკული პაციენტი გვყავს. ხორციელდება მათი მონიტორინგი და მკურნალობა“, – აღნიშნა რატიანმა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 148-ს შეადგენს, მათგან 27 განიკურნა.