9 ახალი შემთხვევიდან 1-ის დაინფიცირების წყარო უცნობია- ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევიდან 2 უკვე დადასტურებულთან კონტაქტია, 6 – საკარანტინო სივრციდან, 1-ის დაინფიცირების წყარო კი უცნობია.

მისი თქმით, 7 ახალი გამოჯანმრთელებულიდან 7-ვე ინფექციური საავადმყოფოს პაციენტია. მისივე განცხადებით, ამჟამად კვლავ 1 მძიმე პაციენტი ჰყავთ, რომლის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია.

“დაგვემატა 9 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი 7-ით გაიზარდა, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 143 პაციენტი მკურნალობს. 9 ახალი შემთხვევიდან 2 არის დაავადებულთან კონტაქტი, 6 არის საკარანტინო სივრციდან, ყველა შემოტანილი შემთხვევაა და 6-დან 3 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, მხოლოდ 1 შემთხვევაა, რომლის წყაროს მოძიება გრძელდება. 7-ვე გამოჯანმრთელებული ჩვენი ცენტრისაა, 7-ვემ დატოვა გუშინ ჩვენი ცენტრი. დღეს გვყავს 28 პაციენტი და 2 ახალი შემთხვევა მკურნალობს ჩვენთან, 2-ვეს მდგომაროება რუტინული კვლევებით და არსებული მონაცემებით, ჯერჯერობით, საშუალო სიმძიმისაა. ჩვენ 1 მძიმე პაციენტი გვყავს, რომლის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია, მაგრამ მძიმე პნევმონია გვრჩება, ამიტომ როგორც მძიმე პაციენტს, ისე განვიხილავთ. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა”, – განაცხადა ეზუგბაიამ.