კობახიძემ ფინეთის საგარეო მინისტრთან შეხვედრა მისი აქციაზე მისვლის გამო გააუქმა

რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გასვლის გამო  ირაკლი კობახიძემ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ელინა ვალტონენთან შეხვედრა გააუქმა.
“გუშინ კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო, პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა”, – წერია ოცნების მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გუშინ ეუთოს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი  რუსთაველის გამზირზე, აქციაზე მივიდა და  აქციის მონაწილეებს შეხვდა. ამის შესახებ, მან სოციალურ ქსელ X-ზეც დაწერა და განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს მოქალაქეებს.

  • „მე ახლა თბილისში, პარლამენტის წინ ვარ, სადაც მშვიდობიანი დემონსტრანტები ნელ-ნელა იკრიბებიან. ბევრი ადამიანი მოდის ევროკავშირის, NATO-ს, როგორც ჩანს, ფინეთის და რაც მთავარია, საქართველოს დროშებით. მიზეზი არის ის, რომ ეს ხალხი შეშფოთებულია იმ გეზით, რომელიც ქვეყანამ აიღო; იმით, რომ ართმევენ საბაზისო უფლებებს, დაწყებული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებიდან. ეს ადამიანები იმსახურებენ ყველა ამ უფლების ქონას და ჩვენ ვართ აქ, რომ მათ მხარი დავუჭიროთ”. -განაცხადა  ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა, ვიდეო-მიმართვაში, რომელიც რუსთაველზე ჩაწერა და შემდეგ X-ზე გამოაქვეყნა. 

ელინა ვალტონენი საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგებში ჩამოვიდა. ის შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომდგენლებს, ასევე “ქართული ოცნების” წევრებს, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს.