სუს-ის ანტი-კორუფციულმა სააგენტომ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, დღის განმავლობაში ჩატარებული გამოძიების შედეგად, 6 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებში, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე 5 ადამიანი დააკავა, ხოლო ჯამში, პასუხისგებაში 14 ადამიანი მიეცა.
“პირველი საქმე – მარნეულში ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია მარნეულის მე-4 საჯარო სკოლის მოქმედი დირექტორი, რომელმაც ატესტატის გაცემისთვის, საჭირო გამოცდების ვითომდა ჩაბარების სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით 300 აშშ დოლარი გამოართვა.
აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეორე საქმე – ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, დაკავებულია შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი, რომელმაც საცხოვრებელ სახლზე ადრე გაცემული გეოლოგიური დასკვნის ჩანაცვლების გზით, ემიგრანტთა საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამით გათვალისწინებული 50 000 ლარიანი თანადაფინანსების მისაღებად, საჭირო ახალი საინჟინრო გეოლოგიური დასკვნის დამზადების სანაცვლოდ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიური სამსახურის უფროსისთვის გადასაცემად, ერთ-ერთ მოქალაქეს მოსთხოვა 3000 ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 1500 ლარი, ხოლო დარჩენილი 1500 ლარის გადაცემა, მოითხოვა დასკვნის დამზადების შემდეგ
აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25-338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მესამე სისხლის სამართლის საქმე – თბილისსა და საგარეჯოში, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 3 მოქალაქე დავაკავეთ.
გამოძიებით დადგენილია, რომ “შპს ჰორიზონტი 23”-ის დირექტორმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მიზნით, “შპს არქიტრალს” ფიქტიურად მიაღებინა მონაწილეობა ტენდერში და მერიასთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სამუშაო მთლიანად შეასრულა “შპს ჰორიზონტი 23”-მა.
ამავე დროს, “შპს ინსპექტა”-ს ზედამხედველმა პირებმა, სამუშაოებზე გასცეს ყალბი ინსპექტირების ანგარიში, რის შედეგადაც მოხდა 89 727 ლარის თაღლითურად დაუფლება.
აღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ა და მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით სამ წლამდე თავისუფლეების აღკვეთას გულისხმობს.
მეოთხე საქმე – ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მიმიეცნენ “შპს ლოგი”-ს დირექტორი, “შპს სკ 2000”-ის დირექტორი და “აიპი თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის” ტექნიკური ზედამხედველი.
თბილისის, გლდანის რაიონის გამგეობასა და “შპს ლოგი”-ს შორის 2023 წლის 3 აპრილს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, მუხიანი 2-ის დასახლებაში, სამეგრელოს ქუჩის, კანალიზაციის გარექსელის მოწყობასთან დაკავშირებულ სამუშაოებზე, ღირებულებით 572 907 ლარი.
აღნიშნული სამუშაოების კონტროლი დაევალა თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის წყალსადენ კანალიზაციის და სანიაღვრე ქსელების ტექნიკურ ზედამხედველ პირს.
“შპს ლოგი”-ს დირექტორმა, “შპს სკ 2000”-ის დირექტორთან ერთად დაამზადა ყალბი დოკუმენტები – თითქოსდა 3 738 კუბური მეტრი მოჭრილი გრუნტი, 178 რეისად გატანილი იქნა 12 კილომეტრის მანძილზე მდებარე ლიცენზირებულ ნაგავსაყრელზე, რაც სინამდვილეში “შპს ლოგი”-ს მიერ არ განხორციელებულა და მოჭრილი გრუნტი გადაყარეს სამუშაოების განხორციელების ადგილას მდებარე ხევში.
გრუნტის გატანის და განთავსების შესახებ, ყალბი დოკუმენტაცია წარადგინეს თბილისის მუნიციპალურ ლაბორატორიაში, სადაც ზედამხედველის მიერ შედგა ყალბი აქტი, რომელშიც მითითებული იყო, რომ 3 738 კუბური მეტრი მოჭრილი მიწა, თითქოსდა გაიტანეს ლიცენზირებულ ნაგავსაყრელზე და აღნიშნული ყალბი მონაცემები ასახეს შესრულებული სამუშაოს აქტებში, ფორმა 2-ში – რის საფუძველზეც, “შპს ლოგი”-ს გლდანის რაიონის გამგეობიდან ჩაერიცხა 104 290 ლარი.
აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-180-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ-ქვეპუნქტით, 342-ე მუხლის პირველი ნაწილით და 362-ე მუხლის, მეორე ნაწილის ბ-ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეხუთე საქმე – ქრთამის აღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, უმაღლესი საბჭოს აპარატის ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც ქობულეთში, დავით აღმაშენებლის გამზირსა და თამარ მეფის ქუჩის მიმდებარედ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 2 მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემის სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა 3 000 ლარი, საიდანაც ეტაპობრივად გამოართვა 2 000 ლარი.
აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეექვსე საქმე – ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა ოზურგეთის მერის ყოფილი წარმომადგენელი, ნატანების ადმინისტრაციულ ერთერულში და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, მერიის შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის მოქმედი უფროსი სპეციალისტი, რომლებმაც სოფელ ნატანებში ზღვისპირა ზოლში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 517 კვადრატული მეტრი ფართბის მიწის ნაკვეთის ნებართვის გარეშე სარგებლობისა და შემდგომში მფარველობის სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს 4 000 ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვეს 2 000 ლარი
აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, 25-338-ე მუხლის პირველი ნაილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”. – თქვა სუს-ის წარმომადგენელმა გამართულ ბრიფინგზე










