„ამ ფონზე, პოლიტიკური პარტიის მხრიდან პირის „თანამებრძოლად“ გამოცხადება, რომელიც ტერორისტულ დანაშაულშია მხილებული, ქმნის მძიმე სამართლებრივ და ეთიკურ პრობლემას. ეს უკვე აღარ არის მხოლოდ მორალური არჩევანი – ეს წარმოადგენს ტერორიზმის მიმართ არასათანადო დისტანცირებას, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველებს.
განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ „ლელო“ არის „ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის“ (ALDE) წევრი. ევროპულ პოლიტიკური სივრცეში კი ტერორიზმის გამართლება, ირიბი მხარდაჭერა ან მისგან არასაკმარისი დისტანცირება შეუთავსებელია დემოკრატიული პარტიის სტატუსთან.
ამ კონტექსტში, პასუხისმგებლობა აღარ ეკისრება მხოლოდ ერთ პოლიტიკურ პარტიას. პასუხისმგებლობა ავტომატურად ვრცელდება იმ საერთაშორისო პოლიტიკურ გაერთიანებაზეც, რომლის წევრიც ეს პარტიაა. შესაბამისად, ALDE-ს პოზიცია ამ საკითხზე არა პარტიული სიმპათიის, არამედ ევროპული სამართლებრივი და პოლიტიკური სტანდარტების ტესტია. ამასთან, მაშინ, როდესაც საუბარია იმ პოლიტიკურ ოჯახზე, რომლის ლიდერებს შორის არიან ევროკომისრები კაია კალასი და მარტა კოსი, ეს საკითხი სცდება შიდა ქართულ კონტექსტს და გადადის ევროპული პოლიტიკური პასუხისმგებლობის დონეზე.
ევროკავშირის დირექტივა EU 2017/541 ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კრძალავს ტერორიზმის გამართლებას, ტერორიზმის იდეოლოგიურ მხარდაჭერას და ტერორისტული ქმედებისადმი საზოგადოებრივი ლეგიტიმაციის მინიჭებას. ამავე დირექტივის მიხედვით, ტერორიზმის წახალისება ან მისი ჩამდენი პირის მიმართ პოლიტიკური სოლიდარობის გამოხატვა ქმნის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს.
დასკვნა მარტივია: ტერორიზმის მიმართ არ არსებობს პოლიტიკური ნეიტრალიტეტი. ტერორიზმის წამხალისებელი ან მის მიმართ ბუნდოვანი პოზიციის მქონე პარტიები კი თავად წარმოადგენს საფრთხეს დემოკრატიისთვის“,
ამის შესახებ “ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.










