“საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი არის ის, რომ სამთავრობო ორგანოს არ შეუძლია საკუთარი თავის გამოძიება. სამთავრობო უფლებამოსილების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი არის ის, რომ ის იყოს გამჭვირვალე და ეს მოითხოვს გამჭვირვალე, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ გამოძიებებს. მაგალითად, მე მოვუწოდებდი ევროპის საბჭოს მექანიზმების გამოყენებისკენ.
ჩვენ ვნახეთ, რომ მათ დაიწყეს გამოძიება, მაგალითად, სერბეთთან დაკავშირებით, სადაც საპროტესტო აქციები დაახლოებით საქართველოს საპროტესტო აქციების მსგავს ვადებში იყო და ეს მოიცავდა ხმოვან იარაღებს, რომელიც ასევე ექსპერიმენტული იარაღებია. ამის პრეცედენტი არსებობს და, ვფიქრობ, ეს არის ის გზა, რომლითაც უნდა ვიაროთ.
მე მივწერე საქართველოს მთავრობას სხვა სპეციალურ მომხსენებლებთან ერთად და ჯერ არ მიგვიღია ოფიციალური პასუხი მთავრობისგან, მათ მიერ ჩატარებული გამოძიებების, გამოყენებული ქიმიკატების და მათი გამოყენების წესის შესახებ. ასე რომ, სანამ ოფიციალურად არ მივიღებ რამეს, ჩემთვის ეს რჩება ინფორმაციის ნაკლებობის შავ ხვრელში”, – ამბობს ის.
გაეროს სპეციალური წარმომადგენელი ფორმულასთან საუბარში ქართული ოცნების პოლიციის მოქმედებებს წამების კონტექსტში განიხილავს და იყენებს სიტყვა – იარაღს, რითაც აღწერს იმ საშუალებას, რომელიც ხალხის წინააღმდეგ იქნა გამოყენებული.
ის ასევე აღნიშნავს, რომ როგორც წესი, ყველა მთავრობა არ პასუხობს მის წერილებს, ისინი კი – “ვინც მხარს უჭერენ ადამიანის უფლებებს და აქვთ ძლიერი სამართლებრივი სისტემა და არაფერი დასამალი – უპასუხებენ”.
“მიღებული დაზიანებების რაოდენობა პროტესტის მასშტაბთან შედარებით იყო არაპროპორციულად დიდი. არაპროპორციული იყო მსგავს სხვა პროტესტებთან შედარებითაც და ეს ძალზე შემაშფოთებელია. მათ შორის თავის მრავლობითი ტრავმებიც.
ყველაფერი ეს საჭიროებს გამოძიებას, სათანადო სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფას. ზოგს შესაძლოა გრძელვადიანი მკურნალობაც დასჭირდეს, ეს ძალიან საფრთხის შემცველი ტენდენციებია.
არსებობს მკაფიო წესები იმისა, თუ როგორ უნდა აკვირდებოდეს და ჩაერთოს პოლიცია პროტესტებში. არსებობს წესები კანონიერების, პროპორციულობის აუცილებლობის შესახებ. ცხადია, პროპორციულობის საკითხები სერიოზულად პრობლემურია საქართველოს პროტესტების კონტექსტში და ნამდვილად მოითხოვს უკეთეს გამოკვლევას.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ევროკავშირს გარეთაა, არსებობს ძალიან ძლიერი წამების საწინააღმდეგო რეგულაცია და იარაღი, რომელიც იქნა გამოყენებული – განსაკუთრებით წყლისა და ქიმიკატების შერევით შექმნილი საშუალება, რომელსაც მე ექსპერიმენტულ იარაღად მივიჩნევ და, შესაბამისად, აკრძალულად – მართლაც მოითხოვს სერიოზულ შესწავლას და მე გავაგრძელებ ზეწოლას ხელისუფლებაზე, რათა ეს გაკეთდეს”, – ამბობს ჯილ ედვარდსი.















