“თბილსერვისიდან გათავისუფლებულმა პირმა, თბილისის მერიას სასამართლო დავა მოუგო” – ამის შესახებ ნათქვამია, სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“ლ.ა. 2016-დან 2025 წლის აპრილამდე დასაქმებული იყო შპს „თბილსერვის ჯგუფში“, ბოლოს საწყობების მართვის დეპარტამენტში. ლ.ა. 10 წლის განმავლობაში კეთილსინდისიერად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს; ამ ხნის განმავლობაში დააწინაურეს და ხელფასიც გაუზარდეს, არასოდეს ყოფილა დისციპლინირებული შესრულებული სამუშაოს ხარვეზიანობის გამო. 31 მარტის ბრძანებით კი სამსახურიდან გაათავისუფლეს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც დაკავებულ პოზიციასთან კვალიფიკაციის შეუსაბამობას გულისხმობდა.
სინამდვილეში, როგორც საქმის გარემოებებიდან იკვეთება, შპს „თბილსერვის ჯგუფმაც“ მიმდინარე წლის მარტში, რეორგანიზაცია ჩაატარა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილების მიმართ გამოხატული პროტესტის საპასუხოდ, “ქართული ოცნების” მიერ საჯარო სამსახურში განხორციელებული საკადრო წმენდის ფარგლებში.
პირები, რომლებიც კომპანიას სამსახურში უნდა დაეტოვებინა, უნდა შეერჩია საგამოცდო კომისიას, გამოცდა კი უნდა ჩატარებულიყო გასაუბრების ფორმით. ლ.ა.-სთან გასაუბრება 2 წუთამდე გაგრძელდა, კომისიის წევრებმა შეფასების ფურცლებზე ქულები მხოლოდ შაბლონურად დააფიქსირეს, არცერთ მათგანს არ მიუთითებია სიტყვიერი შეფასება, რატომ მიაკუთვნა გამოსაცდელ პირს ესა თუ ის ქულა, რას უპასუხა ან რას ვერ უპასუხა. დამსაქმებელს დადგენილი ჰქონდა საგამოცდო საკითხები – ნორმატიული მასალა, თუმცა კომისიას არც ერთი შეკითხვა არ დაუსვამს ამ მასალებიდან. საქმის სასამართლოში განხილვისას თბილსერვის ჯგუფს არ წარმოუდგენია არც კვალიფიკაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები და შეფასებები იმ პირებისა, რომლებიც ლ.ა.-ს ნაცვლად დატოვა სამსახურში.
აქედან გამომდინარე, იკვეთებოდა, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში ჩატარებული ე.წ. გამოცდა იყო ფორმალური და მიზნად არ ისახავდა დასაქმებულის კვალიფიკაციის შემოწმებას.
2025 წლის 9 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება და ბათილად ცნო შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ბრძანება ლ.ა.-ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. სასამართლომ დამსაქმებელს დააკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად დაუბეგრავი 1829 ლარის ოდენობით, აგრეთვე – სამსახურში აღდგენის ნაცვლად, კომპენსაცია 1 თვის ხელფასის ოდენობით.” – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.















