წმინდა სინოდმა საქართველოს 142-ე პატრიარქად ეპისკოპოსი შიო მუჯირი 22 ხმით აირჩია.
“ჩემს გამორჩევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად ვიღებ მორჩილებით, ღვთის მადლით და სასოებით” – თქვა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა შიო მესამემ გაფართოებულ კრებაზე
საეკლესიო კრებაზე დაფიქსირებული ხმები ასე გადანაწილდა:
- მიტროპოლიტი შიო — 22 ხმა;
- მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი — 9 ხმა;
- ფაზისისა და ჭიათურის მიტროპოლიტი გრიგოლი — 7 ხმა;
- გაუქმდა — 1 ბიულეტენი.
გაფართოებულ კრებას სამების საპატრიარქო ტაძარში 1 200-მდე დელეგატი ესწრებოდა, თუმცა ხმის უფლება მხოლოდ მღვდელმთავრებს ჰქონდათ.
არჩევნების შედეგად, ახალი პატრიარქი წმინდა ანდრია პირველწოდებულის სამოციქულო კათედრაზე შიო III-ის სახელით ავა.
მისი სრული ტიტულატურა შემდეგნაირად განისაზღვრა: მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
მეუფე შიო კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2017 წლის 23 ნოემბერს, ქაშვეთის ტაძარში, გიორგობაზე წირვის დაწყებამდე დაასახელა.
მოსაყდრედ სინოდმა მიტროპოლიტი შიო პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, 2026 წლის 18 მარტს, დაამტკიცა.
მოსაყდრის ბიოგრაფიული ცნობები:
- მეუფე შიო თბილისში 1969 წლის 1 თებერვალს დაიბადა; დაამთავრა თბილისის 53-ე საშუალო სკოლა; სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვიოლონჩელოს კლასში.
- 1991 წელს შიომღვიმის მონასტერის მორჩილი გახდა.
- 1993 წელს, 24 წლის ასაკში, ბერად აღკვეცეს – მიანიჭეს სახელი შიო.
- 1995 წელს დიაკვნად აკურთხეს.
- 1996 წელს ბერ-დიაკონი შიო მღვდლად თავად კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აკურთხა.
- 1997 წელს დაინიშნა თბილისის კლდისუბნის წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად.
- 1998 წლის 3 აპრილს მღვდელმონაზონ შიოს მიენიჭა იღუმენის წოდება – ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაადგინეს ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად.
- ანჩისხატისა და ნარიყალას ტაძრებში მსახურების შემდეგ, 2001 წლის ოქტომბრიდან, მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გახდა.
- 2003 წლის 18 აგვისტოს იღუმენი შიო სენაკისა და ჩხოროწყუს ახლადშექმნილი ეპარქიის წინამძღოლი გახდა; 2009 წელს – მთავარეპისკოპოსი.
- 2010 წელს დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად.
2007 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსი შიო დაჯილდოვდა წმინდა გიორგის ორდენით. 2018 წლის 21 ივნისს – სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.
უმაღლესი განათლება:
- 1998 წელს ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, სწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში გააგრძელა – დაუსწრებელ განყოფილებაზე.
- 2001 წლიდან [როცა მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს ტაძრის წინამძღვარი გახდა], პარალელურად, სწავლობდა მოსკოვის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.















