ტრამპმა ყოველწლიური სამედიცინო შემოწმება გაიარა: მისი ჯანმრთელობა შესანიშნავად შეფასდა, თუმცა წონის დაკლება ურჩიეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყოველწლიური სამედიცინო შემოწმება გაიარა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შესანიშნავად ფასდება, განაცხადა მისმა ექიმმა. ამასთან, თეთრი სახლის ხელმძღვანელს ურჩიეს, მეტი ყურადღება დაუთმოს ფიზიკურ ვარჯიშს და ჭარბი წონა დაიკლოს.

სამედიცინო დასკვნაში, რომელიც თეთრმა სახლმა პარასკევს გამოაქვეყნა, პრეზიდენტის პირადი ექიმი, კაპიტანი შონ ბარბაბელა წერს, რომ ტრამპს, რომელსაც მომავალ თვეში 80 წელი შეუსრულდება, „გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი, ნევროლოგიური და ზოგადი ფიზიკური ფუნქციების კარგი მდგომარეობა“ აქვს. ექიმის დასკვნით, ის „სრულად ვარგისია მთავარსარდლისა და სახელმწიფოს მეთაურის ყველა მოვალეობის შესასრულებლად“.

სამშაბათს ტრამპი უოლტერ რიდის სახელობის ეროვნულ სამხედრო-სამედიცინო ცენტრში მივიდა შემოწმებაზე, რის შემდეგაც Truth Social-ის პლატფორმაზე დაწერა, რომ მასთან „ყველაფერი წესრიგშია“.

ეს ტრამპის მესამე ცნობილი სამედიცინო შემოწმებაა მას შემდეგ, რაც ის გასულ წელს თეთრ სახლში დაბრუნდა.

დასკვნის თანახმად, ტრამპმა — ყველაზე ხანდაზმულმა ადამიანმა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობას შეუდგა — მონრეალის კოგნიტიური შეფასების სკალაზე „ნორმის ფარგლებში“ შედეგი აჩვენა და 30 შესაძლოდან 30 ქულა მიიღო.

გარდა ამისა, ბარბაბელას მტკიცებით, ტრამპის გულის მდგომარეობა 14 წლით ახალგაზრდა ადამიანის მაჩვენებლებს შეესაბამება.

ამასთან, ტრამპის წონა 108 კილოგრამია, ანუ 2025 წლის აპრილის სამედიცინო შემოწმების შემდეგ მან 6,3 კილოგრამი მოიმატა. ბარბაბელას თქმით, პრეზიდენტს მიეცა რეკომენდაციები კვებასთან, ფიზიკურ აქტივობასთან და წონის შემდგომ დაკლებასთან დაკავშირებით.

„მისი დატვირთული ყოველდღიური გრაფიკი, რომელიც მოიცავს მრავალ მაღალ დონეზე შეხვედრას, საჯარო ღონისძიებებს და რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას, კვლავ ხელს უწყობს მის საერთო ჯანმრთელობას“, — დაწერა ექიმმა.

გასულ წელს ტრამპის ხელებზე არსებული ჩალურჯებები და ფეხების შეშუპება მისი ჯანმრთელობის შესახებ შეშფოთებისა და სპეკულაციების მიზეზი გახდა.

ივლისში ცნობილი გახდა, რომ მას ქრონიკული ვენური უკმარისობა დაუდგინდა — დაავადება, რომელიც სისხლის შეგუბებას და წვივების შეშუპებას იწვევს.

რა არის ხელებზე ჩალურჯებების გაჩენის მიზეზი?

მიუხედავად იმისა, რომ „წვივების მცირედი შეშუპება“ კვლავ რჩება, გასულ წელთან შედარებით პრეზიდენტის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, აღნიშნა ბარბაბელამ თავის ანგარიშში. ტრამპის ხელებზე არსებული ჩალურჯებები ექიმმა აღწერა, როგორც „რბილი ქსოვილების მცირედი გაღიზიანებისთვის შესაბამისი“, რაც ხშირ ხელის ჩამორთმევებს უკავშირდება, თანაც ასპირინის მიღების ფონზე, რომელსაც ის „გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის“ იღებს.

ბარბაბელამ აღნიშნა, რომ ეს ჩალურჯებები ასპირინით თერაპიის „ჩვეულებრივი და კეთილთვისებიანი ეფექტია“.

მის დასკვნაში ნათქვამია, რომ ასპირინის გარდა, ტრამპი ქოლესტერინის დონის კონტროლისთვის ორ პრეპარატს იღებს. ის ასევე დროულად გადის ყველა საჭირო პროფილაქტიკურ გამოკვლევას და ვაქცინაციას.

ადრე ტრამპი ამბობდა, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში ასპირინს რეკომენდებულზე მაღალი დოზით იღებს.

Wall Street Journal-თან ინტერვიუში ის ამბობდა, რომ დღეში 325 მგ ასპირინს იღებს, ნაცვლად 81 მგ-ისა, რომელსაც ზოგჯერ ექიმები ურჩევენ, რადგან არ სურს, რომ „სქელი სისხლი მის გულში მიედინებოდეს“.

ტრამპი ასევე აცხადებდა, რომ გოლფის თამაშის გარდა, არანაირი რეგულარული ფიზიკური ვარჯიშით დაკავება არ უყვარს.

„უბრალოდ არ მომწონს. მოსაწყენია. საათობით სიარული ან სარბენ ბილიკზე სირბილი, როგორც ზოგი ადამიანი აკეთებს, ჩემთვის არ არის“, — ამბობდა ის.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ყოველწლიური სამედიცინო შემოწმებები სავალდებულო არ არის, ბოლო ათწლეულებში ისინი აშშ-ის პრეზიდენტებისთვის ჩვეულებრივ პროცედურად იქცა.

ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ჯანმრთელობა, რომელიც 2021 წელს თანამდებობის დაკავებისას 78 წლის იყო, მისი ვადის ბოლოს საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების საგანი გახდა.