რუსეთის რამდენიმე რეგიონი კვირას, 14 ივნისის ღამეს, კვლავ დრონების თავდასხმის სამიზნე გახდა. ღამით უპილოტო საფრენი აპარატების საფრთხისა და მათი ჩამოგდების შესახებ განაცხადეს ბელგოროდის, ორიოლის, ვორონეჟის, ტულის, ლიპეცკის, კოსტრომის, პენზისა და იაროსლავის ოლქების ხელისუფლებებმა.
ტულის ოლქის გუბერნატორის, დმიტრი მილიაევის თქმით, ნოვომოსკოვსკში ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე „უკრაინული დრონების ფრაგმენტები“ ჩამოვარდა. ჩინოვნიკს ინციდენტის დეტალები არ დაუკონკრეტებია და მხოლოდ ის განაცხადა, რომ საგანგებო სამსახურების რეაგირება ორგანიზებულია, ზიანის ხასიათი ზუსტდება, ხოლო რეგიონში ოპერატიული შტაბია გაშლილი.
Telegram-არხმა Astra-მ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც, სავარაუდოდ, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გადაიღეს — კადრებში ჩანს აფეთქება და ხანძარი, რომელიც გამთენიისასაც გრძელდებოდა. მედიის ცნობით, დარტყმის სამიზნე გახდა ქიმიური კომბინატი „აზოტი“ — რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი აზოტოვანი სასუქების მწარმოებელი.
საწარმოში, სხვა პროდუქტებთან ერთად, იწარმოება ძმარმჟავა და აზოტმჟავა, რომლებიც გამოიყენება ოქტოგენისა და ჰექსოგენის — სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებული ასაფეთქებელი ნივთიერებების — წარმოებაში. შესაბამისად, სავარაუდოდ, ისინი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომშიც გამოიყენება, ამის შესახებ ადრე Reuters წერდა.
ორიოლში დრონი მრავალსართულიან სახლს შეეჯახა
ორიოლის ოლქში საჰაერო თავდაცვამ ოთხი დრონი ჩამოაგდო, განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა ანდრეი კლიჩკოვმა. მისი თქმით, შემთხვევას დაშავებულები და ნგრევა არ მოჰყოლია.
ამავე დროს, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ ორიოლში დრონი მრავალბინიან სახლს დაეჯახა, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა.
დრონების თავდასხმის შემდეგ დაუდგენელ ობიექტზე ხანძრის შესახებ ასევე განაცხადეს სმოლენსკის ოლქის ქალაქ ვიაზმის მცხოვრებლებმა.
უკრაინული მედია: რიბინსკში ნავთობბაზა იწვის
იაროსლავის ოლქის გუბერნატორმა მიხაილ ევრეევმა ასევე განაცხადა, რომ საჰაერო საფრთხის გამო მოსკოვის მიმართულებით გზებზე სახმელეთო ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდა.
უკრაინული მონიტორინგის არხების ცნობით, რეგიონში დარტყმის სამიზნე გახდა რიბინსკის მახლობლად მდებარე ნავთობბაზა. ადგილობრივი მცხოვრებლები აქვეყნებენ ვიდეოებს, რომლებზეც ჩანს კვამლის სვეტები, სავარაუდოდ, საწარმოს ტერიტორიიდან.
როსავიაციის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ დრონების საფრთხის გამო შეზღუდვები დაწესდა ტამბოვის, კალუგის, ნიჟნი ნოვგოროდისა და იაროსლავის აეროპორტების მუშაობაზე.
მანამდე უკრაინულმა დრონებმა კვლავ მიაღწიეს სათათრეთს. დარტყმის ქვეშ მოხვდნენ „ნიჟნეკამსკნეფტეხიმის“ ქარხანა — რომელიც რუსეთში ამ ტიპის ერთ-ერთ უმსხვილეს საწარმოდ ითვლება — და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „ტანეკო“.















