ომი იქ ბრუნდება, საიდანაც მოვიდა! – განაცხადა, უკრაინის მეთაურმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „გაზპრომის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმაზე საუბრისას.
„ჩვენი მეომრები შორ მანძილზე მოქმედი „სანქციების“ დაწესებას აგრძელებენ იმ რუსულ საწარმოებსა და ობიექტებზე, რომლებიც ომს აფინანსებენ. ბაშკირეთში, ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 1300 კილომეტრში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმა განხორციელდა“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.
ზელენსკის თქმით უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 400 კილომეტრში, კრასნოდარის მხარეში მდებარე აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტიეს.
„გელენჯიკში, ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 430 კილომეტრში უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა საპატრულო გემსა და „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერს დაარტყეს. ასევე, აზოვის ზღვაში, „ჩრდილოვანი ფლოტის“ სამ ტანკერზე წარმატებული დარტყმები განხორციელდა. მადლობას ვუხდი ჩვენს მეომრებს, რომელთა წარმატებული ოპერაციებით ომი იქ ბრუნდება, საიდანაც მოვიდა“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.















