თელავში, სასტუმრო Agarani Estate-ში ქორწილის დროს მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძის ადვოკატი, ლაშა კაპანაძე აცხადებს, რომ სასტუმროს ადმინისტრაცია მზად არის ბრალდებულისთვის დაკისრებული გირაოს თანხა დაფაროს და, მისი ინფორმაციით, ეს, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში მოხდება.
ადვოკატის შეფასებით, ინციდენტის პრევენცია შესაძლებელი იყო. როგორც ადვოკატი ამბობს, ფაქტის შემდეგ 112-ში ზარი შევიდა, თუმცა, მისი ინფორმაციით, მანამდე სასტუმროს წარმომადგენლები ვითარების საკუთარი ძალებით განმუხტვას ცდილობდნენ.
მისი თქმით, კონფლიქტი გამოიწვია პროვოკაციულმა ქცევამ, სხვადასხვა სითხის გადასხმამ და შეურაცხმყოფელმა კომენტარებმა.
„არანაირი კავშირი არ ჰქონდა რუსულად საუბარს. მიზეზი იყო პროვოკაციული ქმედებები, სითხის გადასხმა და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები. ჩვენ პატივს ვცემთ ყველა სტუმარს, თუმცა სტუმარმაც არ უნდა მოახდინოს პროვოკაცია“, – აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სასტუმრო აგარანის მამულმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სასტუმროს ადმინისტრაციის მიერ 112-ში ზარი განხორციელდა 20:39 საათზე, ჯერ კიდევ ფიზიკური დაპირისპირების დაწყებამდე.
“სასამართლოს გადაწყვეტილებით ნამდვილად ვარ მოხარული. […] გიორგი ჭიღლაძე მადლობას უხდის ქართველ ხალხს, რომელიც გვერდში უდგას, უხდის მადლობას იმ ჟურნალისტებს, რომლებიც აშუქებენ ამ მოვლენებს და ქართველ ხალხს აწვდიან ინფორმაციას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. […] სასტუმროს ადმინისტრაციამ, სხვათა შორის, მინდა აღვნიშნო, რომ მზაობა გამოთქვა გირაოს თანხის გადახდასთან დაკვაშირებით. […] სასტუმროს რაც შეეხება, რეალურად, მომხდარი ფაქტის შემდგომ არის, სამწუხაროდ, ზარი 112-ში შესული. შესაბამისად, სასტუმროს ნაწილში, შესაძლებელი იყო, რომ მომხდარიყო დროული პრევენცია… როგორც ვიცი, საკუთარი ძალებით ეცადნენ.” – განაცხადა ლაშა კაპანაძემ.















