“პირველ რიგში, იმას ვიტყვი, რომ ამ შემთხვევაში ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არ მოქმედებმა როგორც ჟურნალისტი, ის მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი, პარტიული აქტივისტი და უხეშ შეურაცხყოფას აყენებდა კონკრეტულ ადამიანებს, ხო.

რაც შეეხება, გამოხატვის თავისუფლებას, შეგიძლიათ წაიკითხოთ სახელმძღვანელოები, სადაც წერია რომ გამოხატვის თავისუფლების ძირითადი უფლებით არ არის დაცული და მოცული ადამიანის უხეში შეურაცხყოფა, საერთოდ არ იცავს გამოხატვის თავისუფლების ძირითადი უფლება უხეშ შეურაცხყოფას, შესაბამისად, აქ ფორმალურადაც კი არასწორად მსჯელობენ კონკრეტული ადამიანები, მათ აქვთ პოლიტიკური დაკვეთა.

პოლიტიკური დაკვეთა არის ის, რომ მათ უნდა გააღვივონ საქართველოში ხელოვნურად სიძულვილი, დაპირისპირება, უნდა შექმნან აგრესიული გარემო, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას უნდა დავუპირისპირდეთ იმიტომ, რომ ეს არის ჩვენთვის ეროვნული ამოცანა.

ჩვენი ეროვნული ამოცანაა, რომ არავის მივცეთ გარედან, ხელოვნურად საქართველოში აგრესიის და სიძულვილის გაღვივების საშუალება. აქ ფორმალურ სტატუსებს მნიშვნელობა არ აქვს, ფორმალურად ადამიანს ერქმევა ჟურნალისტი თუ რაიმე სხვა, რა თქმა უნდა, არავის არ უნდა მივცეთ საშუალება აგრესიის და სიძულვილის გაღვივების, კანონის წინაშე ყველა არის თანასწორი და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც ასე თანასწორად იმოქმედა შსს-ს შესაბამისმა დეპარტამენტმა.

ამ დეპარტამენტის საქმიანობა არის ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი, გამომდინარე იქედან, რომ საქმე ეხება ეროვნული მნიშვნელობის ამოცანას – ჩვენ არავის მივცემთ გარედან სიძულვილისა და აგრესიის თავსმოხვევის საშუალებას.”

“ქართული ოცნების”  პრემიერი ირაკლი კობახიძე ჟურნალისტ ვახო სანაიას დაპატიმრებას გამოეხმაურა