Johnson & Johnson 5,5 მილიარდ დოლარს გადაიხდის ტალკის შემცველ პუდრთან დაკავშირებული სარჩელების გამო, რომელსაც კანცეროგენულად მიიჩნევენ.

კომპანია Johnson & Johnson-მა აშშ-ში ათიათასობით სასამართლო დავის მოსაგვარებლად 5,5 მილიარდ დოლარამდე თანხის გადახდის წინადადება წამოაყენა. სარჩელებში ნათქვამია, რომ Johnson’s Baby Powder-ის საბავშვო პუდრი და ტალკის შემცველი სხვა პროდუქტები საკვერცხის კიბოს იწვევს.

კომპანიის სასამართლო დავების საკითხებში ვიცე-პრეზიდენტმა ერიკ ჰაასმა ბრალდებებს „უსაფუძვლო“ უწოდა და ორშაბათს განაცხადა, რომ J&J მზად არის შეთანხმებისთვის, რათა ეს საკითხი საბოლოოდ მოგვარდეს.

ჰაასის თქმით, კომპანია დარწმუნებულია, რომ „შემდგომ სასამართლო პროცესებშიც საბოლოოდ გაიმარჯვებდა“, როგორც ეს აქამდე სასამართლოებში განხილული საქმეების უმეტესობაში მოხდა. თუმცა შეთავაზებული შეთანხმება „კომპანიას საშუალებას მისცემს, ეს საკითხი წარსულში დატოვოს“ და ყურადღება „სიცოცხლის გადამრჩენი მედიკამენტებისა და მოწყობილობების შექმნის მისიაზე“ გაამახვილოს.

J&J-ის ინფორმაციით, შეთანხმება დაახლოებით 76 000 საქმეს შეეხება — ანუ ტალკთან დაკავშირებული, ჯერ კიდევ განუხილველი სარჩელების უმეტესობას. კომპანიამ განაცხადა, რომ მომავალ წელს 3 მილიარდ დოლარამდე თანხას გადაიხდის, ხოლო 2028 წლამდე დამატებითი გადახდები მოსალოდნელი არ არის.

წინადადებას უნდა დაეთანხმონ იურიდიული კომპანიები, რომლებიც ფედერალურ და შტატების სასამართლოებში საკვერცხის კიბოსთან დაკავშირებული სარჩელების 95%-ის ავტორთა ინტერესებს წარმოადგენენ.

ივლისის დასაწყისში სასამართლომ გადაწყვეტილება კომპანიის სასარგებლოდ გამოიტანა და ეჭვქვეშ დააყენა ცალკეული მოსარჩელეების შესაძლებლობა, დაემტკიცებინათ, რომ კიბოს უშუალო მიზეზი სწორედ ტალკი იყო.

ტალკის ბაზაზე დამზადებული საბავშვო პუდრის გამო J&J-ის წინააღმდეგ სასამართლო დავები ჯერ კიდევ 2009 წელს დაიწყო. სარჩელები მხოლოდ აშშ-ის მცხოვრებლებს არ შეუტანიათ: როგორც ბრიტანული The Guardian 2025 წელს წერდა, ლონდონის უმაღლეს სასამართლოში კომპანიის წინააღმდეგ დაახლოებით 3 000 სარჩელი შევიდა.

მოსარჩელეები ამტკიცებდნენ, რომ მათ ან მათი ოჯახის წევრებს Johnson’s Baby Powder-ის გამოყენების შედეგად საკვერცხის კიბოს სხვადასხვა ფორმა ან მეზოთელიომა განუვითარდათ. მეზოთელიომა შინაგანი ორგანოების გარსის კიბოა და ყველაზე ხშირად აზბესტთან კონტაქტის შედეგად ვითარდება. მოსარჩელეები ვარაუდობდნენ, რომ დაავადების მიზეზი აზბესტით დაბინძურებული ტალკი იყო.

კომპანია კვლავ ამტკიცებს, რომ მისი პროდუქცია უსაფრთხოა. „კვლევები აჩვენებს, რომ ტალკი უსაფრთხოა, არ შეიცავს აზბესტს და კიბოს არ იწვევს“, — ნათქვამია კომპანიის ამ თემაზე გაკეთებულ ბოლო განცხადებაში.

მიუხედავად ამისა, 2023 წელს Johnson & Johnson-მა შეწყვიტა პუდრის გაყიდვა, რომელიც 1894 წლიდან იწარმოებოდა. კომპანიამ გადაწყვეტილება კომერციული მიზეზებით ახსნა და მის ნაცვლად სიმინდის სახამებლის ბაზაზე დამზადებული პუდრის წარმოება დაიწყო.

ჩრდილოეთ ამერიკის ფარგლებს გარეთ Johnson’s-ის საბავშვო პუდრზე პასუხისმგებელია კომპანია Kenvue, რომელიც J&J-ს 2022 წელს გამოეყო. მას ეკუთვნის ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორებიცაა Band-Aid, Listerine და Calpol.