რუსეთმა უკრაინაზე იერიშის დროს, სავარაუდოდ, პირველად გამოიყენა ჩრდილოეთ კორეული რაკეტა – Reuters-ი

რუსეთმა გასულ ღამეს უკრაინის ქალაქ კრივი-რიჰთან განხორციელებული დარტყმისას სავარაუდოდ ჩრდილოეთ კორეული წარმოების რაკეტა გამოიყენა — ამის შესახებ Reuters-ი ორ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. წყაროს ცნობით,  ეს იქნებოდა შემთხვევა, როდესაც რუსეთმა თითქმის ერთი წლის განმავლობაში პირველად გამოიყენა ჩრდილოეთ კორეული რაკეტა უკრაინის წინააღმდეგ ომში.

Reuters-ის ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ამგვარი შეიარაღების ხელახალი გამოყენება მიუთითებს, რომ მოსკოვს ახალი მარაგი გააჩნია, რომლის გამოყენებასაც განაგრძობს უკრაინაზე.

დარტყმა განხორციელდა კრივი-რიჰის მიმდებარედ, ნოვოპილიის თემში მდებარე სოფელ რადუშნეში. კრივი-რიჰის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელის, ოლექსანდრ ვილკულის ინფორმაციით, პირდაპირი დარტყმა მიაყენა კერძო საცხოვრებელ სახლს, სადაც მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობდა. ვილკულის თანახმად, დარტყმა განხორციელდა “ისკანდერ-M” ტიპის ბალისტიკური რაკეტით, გაშვებული რუსეთის ვორონეჟის ოლქიდან.

ვილკულის ოფიციალური მონაცემებით, დარტყმას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის სამი ბავშვი — 6 წლის გოგონა და 11 და 17 წლის ბიჭები. დაშავდა რვა ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი — 6 და 15 წლის. მსხვერპლთა შორის არიან ოჯახის მშობლები — 47 წლის არტემ ვორონოვი და 41 წლის ოლენა ვორონოვა, რომლებიც ათ შვილს ზრდიდნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, დარტყმის დროს სახლში შვიდი შვილი იმყოფებოდა.

ცალკეული ადგილობრივი წყაროების ცნობით, ასევე დაღუპულია ოჯახის 18-თვის ბავშვი თუმცა ეს ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

1 ივლისი  კრივი-რიჰში გლოვის დღედ გამოცხადდა, დარტყმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის საპატივსაცემოდ.