რის მიღწევას ცდილობს უკრაინა Wildberries-ს საწყობებზე თავდასხმებით – ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ფრონტის მომარაგების შეფერეხება მხოლოდ ერთ ერთი მიზანია. რეალურად კი არსებობს სხვა მიზანიც. რას წერს ამ თემაზე მედია და რას ამბობენ ექსპერტები:
უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის უმსხვილესი მარკეტპლეისის — Wildberries-ის ინფრასტრუქტურის განადგურებას განაგრძობენ. ბოლო ორი კვირის განმავლობაში კომპანიის საკვანძო ობიექტები დრონებით თავდასხმების სამიზნე გახდა. წინასწარი შეფასებით, კომპანიას შესაძლოა სასაწყობე ფართობების 15%-მდე გაუნადგურდა.
რამდენად შეირყა Wildberries-ის ბიზნესის მდგრადობა, ჯერ კიდევ შესაფასებელია. თავდასხმების შემდეგ ზოგიერთი ლოგისტიკური ცენტრი მუშაობას კვლავ იწყებს, პარალელურად კი კომპანია ახალ ობიექტებს ეძებს, მათ შორის — მეზობელ ქვეყნებში.
ამასთან, ცნობილია, რომ ჯერ კიდევ 2025 წელს მარკეტპლეისს თავისი სოლიდური დავალიანებების მომსახურებისას სირთულეები შეექმნა. სავარაუდოდ, ეს პრობლემები მაშინ განსაკუთრებით სერიოზული არ ყოფილა. თუმცა თავდასხმების გაგრძელება მათ აუცილებლად გააღრმავებს და დარტყმას Wildberries-ის კრედიტორებსაც მიაყენებს, რომელთა შორის რუსეთის უმსხვილესი ბანკები არიან.
Wildberries-ის საწყობებზე თავდასხმები მსხვილ რუსულ ბანკებსაც დააზარალებს?
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა DW-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ფრონტის მომარაგების შეფერხება რუსეთის უმსხვილეს მარკეტპლეისზე თავდასხმების მხოლოდ ერთ-ერთი მიზანია. მანამდე მსგავსი განმარტება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც გააკეთა.
ინტერვიუში პოდოლიაკმა ყურადღება სხვა მიზნებზე გაამახვილა. მისი თქმით, კომპანიისთვის, რომლის ბრუნვაც „6,2 ტრილიონ რუბლს შეადგენს“ — თავად Wildberries-ის შეფასებით, 2025 წელს ბრუნვა 6,1 ტრილიონი რუბლი იყო — ზიანის მიყენება მის კრედიტორებსაც დაარტყამს. მათ შორის პოდოლიაკმა დაასახელა რუსეთის უმსხვილესი ბანკები: „სბერბანკი“, ВТБ, „ალფა-ბანკი“ და ПСБ. მისი შეფასებით, ამის შედეგი შეიძლება რუსეთის ბიუჯეტის შემოსავლების „კატასტროფული შემცირება“ გახდეს.
ზელენსკის ოფისის მრჩეველი ასევე ვარაუდობს, რომ მარკეტპლეისის საწყობებში გაჩენილი ხანძრები სოციალურ უკმაყოფილებას გამოიწვევს იმ „უზარმაზარ რაოდენობის ადამიანებში, რომლებიც პოლიტიკისგან შორს არიან და უბრალოდ ფულს გამოიმუშავებენ“, თუმცა ერთ მომენტში „ყველაფერს და იმ პერსპექტივებს კარგავენ, რომლებიც ექნებოდათ ქვეყანაში, რომელიც ომს არ აწარმოებს“.
პოდოლიაკის აზრით, Wildberries-ის ბიზნესის განადგურებამ სიგნალი რუსეთის ელიტებსაც უნდა გაუგზავნოს. მარკეტპლეისის ბენეფიციარებს შორის მან დაასახელა არა მხოლოდ კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენი სულეიმან ქერიმოვი, რომლის შესახებაც რუსული მედია ბევრს წერდა, არამედ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები ანტონ ვაინო და ალექსეი გრომოვიც. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისინი შესაძლოა Wildberries-თან იყვნენ დაკავშირებული, აქამდე არ გავრცელებულა.

მსგავსი მოსაზრებები ბლოგერ დმიტრი გორდონთან ინტერვიუში გამოთქვა უკრაინული თავდაცვითი კომპანია Fire Point-ის თანამფლობელმა და მთავარმა კონსტრუქტორმა დენის შტილერმანმაც. კომპანია, პირველ რიგში, შორი მოქმედების რაკეტებით — „ფლამინგოთი“ არის ცნობილი.
„Wildberries და Ozon აუცილებლად უნდა მივიყვანოთ საბოლოო კრახამდე. ეს საბანკო სისტემის ჩამოშლას გამოიწვევს, რადგან ისინი უმსხვილეს მსესხებლებს შორის არიან… ВТБ-ს ისედაც არ ჰქონდა კარგი მდგომარეობა, ახლა კი… ტრილიონობით რუბლის კრედიტი სამუდამოდ დაკარგულად იქცევა — ამან შესაძლოა სიდიდით მეორე ბანკიც კი გააკოტროს“, — განაცხადა შტილერმანმა.
რა როლს ასრულებენ Wildberries და Ozon რუსეთის ეკონომიკაში
Wildberries-ისა და მისი მთავარი კონკურენტის, Ozon-ის ბიზნესის მასშტაბები, რომელიც დენის შტილერმანმაც ახსენა ინტერვიუში, მართლაც უზარმაზარია.
ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ Wildberries-ის მიერ დასახელებული ბრუნვა — ანუ გაყიდული საქონლისა და გაწეული მომსახურების საერთო ღირებულება — გარკვეულწილად გადაჭარბებულია. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, საუბარია ტრილიონობით რუბლზე.
Ozon, როგორც საჯარო კომპანია, აუდირებულ ფინანსურ ანგარიშგებას აქვეყნებს. 2025 წელს მისი ბრუნვა 4,16 ტრილიონ რუბლს შეადგენდა. დამოუკიდებელი შეფასებების მიხედვით, Wildberries რუსეთის ონლაინვაჭრობის ბაზრის დაახლოებით 45%-ს აკონტროლებს, ხოლო Ozon — დაახლოებით 30%-ს. შესაბამისად, მათი საერთო ბრუნვა, სავარაუდოდ, 10 ტრილიონ რუბლზე ნაკლები არ არის. ეს რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 5%-ია.
მარკეტპლეისების საკრედიტო რესურსებზე მაღალი დამოკიდებულებაც ფაქტია. ამასთან, მისგან მომდინარე პოტენციური რისკებით რუსეთის ხელისუფლება ჯერ კიდევ მანამდე დაინტერესდა, ვიდრე უკრაინა Wildberries-ზე დარტყმებს დაიწყებდა.

2025 წლის მეოთხე კვარტლისა და 2026 წლის პირველი კვარტლის ფინანსური სტაბილურობის მიმოხილვაში რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა აღნიშნა, რომ გასულ წელს ხუთი რუსული „ბიგტექის“ საერთო დავალიანება 53%-ით გაიზარდა და 2 ტრილიონ რუბლს მიაღწია. ამავე პერიოდში მათი აქტივები მხოლოდ 48%-ით, 4,6 ტრილიონ რუბლამდე გაიზარდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვალები უფრო სწრაფად გროვდება, ვიდრე ბიზნესი ვითარდება.
რეგულატორმა განაცხადა, რომ „კომპანიებთან თანამშრომლობას მათი გამჭვირვალობის გასაზრდელად გააგრძელებს“. დოკუმენტში დაზუსტებული არ არის, კონკრეტულად რომელ კომპანიებს მიაკუთვნებს ცენტრალური ბანკი „ბიგტექებს“, თუმცა ტექსტიდან აშკარად ჩანს, რომ მათ შორის Wildberries და Ozon-იც არიან. მიმოხილვის ავტორები ხაზს უსვამენ: „ბიგტექების ზრდას თან ახლავს მნიშვნელოვანი ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, უპირველესად — სასაწყობე ფართობების გაფართოებაში“.
Ozon-ის სასესხო ტვირთი მისი ანგარიშგებიდან არის ცნობილი. 2025 წელს კომპანიის წმინდა ვალი 28%-ით გაიზარდა და 291,6 მილიარდ რუბლს მიაღწია. მოკლევადიანი სესხები მხოლოდ 80 მილიარდ რუბლს შეადგენდა და კომპანიას მათი მომსახურების პრობლემა არ ჰქონია.
Wildberries-ის შემთხვევაში სრული სურათი არ არსებობს. მისი ძირითადი საოპერაციო იურიდიული პირის — შპს „РВБ“-ს ანგარიშგებიდან ჩანს, რომ მოკლევადიანი სესხების მოცულობა ერთი წლის განმავლობაში თითქმის რვაჯერ, 104 მილიარდიდან 802 მილიარდ რუბლამდე გაიზარდა. გარდა ამისა, კომპანიას 28 მილიარდი რუბლის გრძელვადიანი ვალდებულებები ჰქონდა.
Ozon ანგარიშგებას საერთაშორისო სტანდარტებით აწარმოებს, Wildberries კი — რუსული სტანდარტებით. ამიტომ ამ მონაცემების პირდაპირ შედარება არასწორია — ისინი მხოლოდ ზოგად წარმოდგენას გვიქმნის. ამასთან, უცნობია, რა მდგომარეობაა Wildberries-ის სხვა იურიდიულ პირებში.
The Bell-ის წყაროების ინფორმაციით, 2025 წლის ბოლოს Wildberries-ის საერთო სასესხო ტვირთი შესაძლოა 1,3 ტრილიონ რუბლს შეადგენდა, ხოლო მხოლოდ ВТБ-ს მიმართ დავალიანება — 500 მილიარდ რუბლს.
მიიღებს თუ არა Wildberries სახელმწიფო დახმარებას?
Wildberries, მთლიანობაში, დრონებით თავდასხმებისთვის იდეალურ სამიზნედ გამოიყურება. Ozon-ისგან განსხვავებით, კომპანიამ ფსონი გიგანტური ლოგისტიკური ცენტრების მშენებლობაზე დადო. ასეთ ობიექტებზე მოხვედრა ადვილია და ისინი ძალიან კარგად იწვის. ფართობით ყველაზე დიდი ცენტრები რამდენიმე ათეულ საფეხბურთო მოედანს შეესაბამება. უკრაინული დრონები სწორედ ამ ობიექტებს ურტყამენ.

ამასთან, კომპანიას კოლოსალური დავალიანება აქვს, რომლის მომსახურებაც ისედაც უჭირდა. შპს „РВБ“-მ ანგარიშგების განმარტებით ნაწილში აღიარა, რომ კრედიტორების წინაშე აღებული ვალდებულებები ნაწილობრივ დაარღვია, თუმცა კრედიტორებს ვალის ვადამდე დაფარვა არ მოუთხოვიათ.
Wildberries-ის შესაძლებლობა, ძველი პირობებით გააგრძელოს ვალების მომსახურება, უკვე ეჭვს იწვევს. Reuters-ის ინფორმაციით, მარკეტპლეისის თანამფლობელმა ტატიანა კიმმა მთავრობას დახმარების თხოვნით მიმართა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ამის შესახებ განაცხადა, რომ „სიტუაცია, რა თქმა უნდა, მთავრობის კონტროლქვეშაა, მიმდინარეობს დიალოგი, თუმცა ამ საკითხზე ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული არ არის“.
ВТБ-ს ტოპმენეჯერმა დმიტრი პიანოვმა განაცხადა, რომ Wildberries-ს შესაძლოა „საკრედიტო მხარდაჭერის სხვადასხვა ფორმა“ გაეწიოს. ეს მოსალოდნელიც იყო. გარდა იმისა, რომ ВТБ მარკეტპლეისის მსხვილი კრედიტორია და, შესაბამისად, მისი გადარჩენით პირდაპირ არის დაინტერესებული, მაისის ბოლოს სახელმწიფო ბანკმა და RWB-ის კომპანიათა ჯგუფმა, რომელშიც Wildberries შედის, სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განაცხადეს. პირველ ეტაპზე ВТБ-მ „ВБ ბანკის“ კაპიტალის 5% შეიძინა.
RWB-სა და ВТБ-ს შეთანხმების დეტალები — კონკრეტულად რამ განაპირობა ეს პარტნიორობა და პირდაპირ უკავშირდება თუ არა ის მარკეტპლეისის ვალებს — უცნობი რჩება.
შეთანხმების გამოცხადებამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე Wildberries-ის თანამფლობელი ტატიანა კიმი ВТБ-სთან ალიანსის შესახებ გავრცელებულ ხმებს „სისულელეს“ უწოდებდა.
სახელმწიფო ბანკმა პარტნიორს მნიშვნელოვანი ინვესტიციები დაჰპირდა. მათ შორის, სწორედ ამ მიზნებისთვის ВТБ-ს აქციონერებმა ბანკის ისტორიაში რეკორდული, 314 მილიარდი რუბლის მოცულობის დამატებითი ემისია დაამტკიცეს.
თუმცა საინვესტიციო კომპანიების ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ამ თანხის ნაწილს სახელმწიფო ბანკი საკუთარი პრობლემების მოსაგვარებლად გამოიყენებდა. ВТБ-ს ხელმძღვანელი ანდრეი კოსტინი აღიარებდა, რომ ცენტრალური ბანკის მოთხოვნების შესასრულებლად 2027–2028 წლებში ბანკს 700 მილიარდ რუბლამდე დამატებითი კაპიტალი დასჭირდებოდა.
ნებისმიერ შემთხვევაში, Wildberries-ის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების გაგრძელება თითოეულ „სტრატეგიულ პარტნიორს“ მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის. საკითხავია მხოლოდ, რამდენად მასშტაბური იქნება ეს პრობლემები, რაც პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება თავდასხმები.
ВТБ-სთვის დამატებითი დარტყმა შესაძლოა Ozon-ის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების გავრცელებაც გახდეს. ივნისის ბოლოს სახელმწიფო ბანკმა მარკეტპლეისის აქციების მსხვილი პაკეტი გირაოს სახით მიიღო — Ozon-ის უმსხვილესი აქციონერისთვის, АФК „Система“-სთვის გაცემული 320 მილიარდი რუბლის სესხის სანაცვლოდ. საწყობებში გაჩენილი ხანძრები ამ გირაოს ღირებულებას შეამცირებს.
Ozon-ის აქციების ფასი მოსკოვის საფონდო ბირჟაზე ახლაც იკლებს, მიუხედავად იმისა, რომ დრონებით მის ობიექტებზე ჯერ იერიში არ მიუტანიათ. ზუსტად ასეთივე კლების ტენდენცია აქვს ВТБ-ს აქციების ფასსაც.














