9 დაღუპული და 30 დაშავებული კიევზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად

შაბათის ღამის პირველ ნახევარში კიევზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, ცხრა ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა. ამის შესახებ უკრაინის სამაშველო სამსახური იტყობინება.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, შვიდი ადამიანი კიევის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, დარნიცის რაიონში დაიღუპა, ორი კი — დედაქალაქის დასავლეთით მდებარე სოლომიანკის რაიონში.

დაშავებულთა შორის ოთხი ბავშვია.

ნგრევის შესახებ მაშველები იუწყებიან, რომ სოლომიანკის რაიონში ნაწილობრივ დაინგრა და ხანძარი გაუჩნდა ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს, ავტოსადგომზე კი ავტომობილები დაიწვა. დარნიცის რაიონში დაინგრა და ცეცხლი გაუჩნდა ადმინისტრაციულ და არასაცხოვრებელ შენობებს. კიევის ცენტრში, შევჩენკოს რაიონში, ხანძარი გაჩნდა არასაცხოვრებელ შენობასა და კინოსტუდიის ტერიტორიაზე, ასევე ცეცხლი გაუჩნდა სასწრაფო დახმარების ავტომობილებს. დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, დნეპროვსკის რაიონში, დაზიანდა მაღაზია, ხოლო ცენტრში მდებარე პეჩერსკის რაიონში — ოთხი კერძო სახლი და დამხმარე ნაგებობები.

უკრაინული ტელეგრამ-არხების დათვლით, რუსეთმა კიევის მიმართულებით 20-ზე მეტი რაკეტა გაუშვა — ბალისტიკური და ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტები.

საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, კიდევ ორი ადამიანი კიევის მახლობლად დაშავდა. მაშველების მიერ გავრცელებული ფოტოებისა და ვიდეოების მიხედვით, იქ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა. ბუჩის რაიონში ორი ადამიანის დაშავების შესახებ მანამდე კიევის ოლქის ადმინისტრაციაც იუწყებოდა.

კიევზე კიდევ ერთი სარაკეტო დარტყმა

ღამის დასაწყისში განხორციელებული მასირებული სარაკეტო იერიშის შემდეგ რუსეთის არმიამ კიევზე კიდევ ერთი დარტყმა მიიტანა — წინასწარი ინფორმაციით, ორი ჰიპერბგერითი რაკეტით.

უკრაინული მონიტორინგის არხების ცნობით, რუსეთმა ორი ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტა „ცირკონი“ გაუშვა, რის შემდეგაც დედაქალაქში აფეთქებები მოხდა.

ამ დარტყმის შედეგების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ კიევსა და მის შემოგარენში სამხედრო-სამრეწველო ობიექტებს დაარტყა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შაბათ დილით განაცხადა, რომ ღამით კიევსა და კიევის ოლქზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის სამიზნეები სამხედრო საწარმოები და საწყობები იყო.

„დაზიანდა უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოები და ლოგისტიკური ცენტრები ქალაქ კიევსა და კიევის ოლქში, რომლებიც სხვადასხვა დანიშნულების სარაკეტო შეიარაღების, უპილოტო საფრენი აპარატების, რადიოლოკაციური სადგურებისა და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების წარმოებაში, შენახვასა და მიწოდებაში მონაწილეობდნენ“, — ამტკიცებს სამინისტრო.

უკრაინული მხარე, როგორც წესი, არაფერს ამბობს იმ სამხედრო ან ომთან დაკავშირებულ ობიექტებზე, რომლებსაც მოწინააღმდეგემ დაარტყა. კიევისა და კიევის ოლქის ხელისუფლება მხოლოდ მსხვერპლის, დანგრეული და დაზიანებული საცხოვრებელი სახლების, ასევე ადმინისტრაციული და არასაცხოვრებელი შენობების შესახებ იუწყება.

ბოლო მონაცემებით, 20-ზე მეტი რუსული რაკეტისა და რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად კიევში ცხრა ადამიანი დაიღუპა. კიევსა და კიევის ოლქში კი, საერთო ჯამში, თითქმის 30 ადამიანი დაშავდა.