“ქართული ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილია სიტყვის თავისუფლება და, შესაბამისად, ნებისმიერ პატიმარს, მათ შორის გრიგოლ ლილუაშვილს შეუძლია ილაპარაკოს ის, რაც უნდა.
“რავიცი ილაპარაკოს რაც უნდა, ეს არის ყველა პატიმრის უფლება, საქართველოში დემოკრატიაა. ყველა პატიმარს აქვს საუბრის უფლება, ეს არის დემოკრატიის ნაწილი, შესაბამისად, თუ რაიმე გაინტერესებთ, შეიძლიათ დაელოდოთ.
არავითარ საფრთხეს არ ვხედავ მისგან.
თქვენ იცით, რომ იყო არაერთი შმეთვევა, როცა არაერთი ბრალდებით, ძირითადად ეს იყო კორუფციული ბრალდებები, კონკრეტული თანამდებობის პირები აღმოჩნდნენ საპატიმროში, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა, მათ სცადეს რაღაცების ლაპარაკი, თუმცა იმდენად სუფთად მუშაობს ჩვენი ხელისუფლება, რომ ამ ლაპარაკებს არასდროს არ მოყოლია რაიმე შედეგი, ვერაფერი ვერ თქვეს ხელისუფლებაზე, იმდენად სუფთაა ჩვენი საქმე. მათ შორის ღარიბაშვილს ვგულისხმობ, არა მარტო, წარსულშიც გახსოვთ, მათ შორის სუს-ის ყოფილი წარმომადგენელი, რომელსაც რაღაცების ლაპარაკი დაუწყია, თუმცა იმდენად სუფთად მუშაობს ჩვენი ხელისუფლება, ასეთ სპეკულაციებს არასდროს არ აქვს რაიმე შედეგი”. – აცხადებს ირაკლი კობახიძე.


